თბილისი (GBC) – ანტირუსული სანქციების მარყუჟი სულ უფრო ვიწროვდება და კიდევ ერთი ქვეყანა, საიდანაც რუსეთში პარალელური იმპორტი და ორმაგი დანიშნულების საქონლის შეტანა ხორციელდებოდა, აშშ–თან საბაჟო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდა. ყაზახეთის შემდეგ აშშ–ის სასაზღვრო–საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმება უზბეკეთმაც გააფორმა. ამ ფორმატში ქვეყნებს შორის შეხვედრა პირველად შედგა, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 32 წლის განმავლობაში. უზბეკეთი მეთვრამეტე ქვეყანაა, რომელთანაც ვაშინგტონმა ანალოგიური შეთანხმება გააფორმა. 

ამის შემდეგ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის კონსულტანტებმა თავისი კლიენტების გაფრთხილება დაიწყეს, უზბეკეთის გავლით საქმიანობის შესაძლო გართულების შესახებ. ამის შესახებ The Moscow Times–ს რამდენიმე კომპანიის კომპანიის წარმომადგენელმა უთხრა, რომელთაც მსგავსი შეტყობინება მიიღეს.

ფაქტობრივად, ამ შეთანხმების საფუძველზე აშშ უზბეკეთის ექსპორტ–იმპორტის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს, რაც რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებს დიდ პრობლემებს შეუქმნის.

2022 წლიდან უზბეკეთი არა ძირითადი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი შუამავალი ქვეყანაა რუსეთისთვის პარალელური იმპორტის უზრუნველსაყოფად და დასავლეთის სანქციების თავიდან ასარიდებლად.

შეთანხმების საფუძველზე უზბეკეთი ისეთივე შეზღუდვებს დააწესებს პარალელურ იმპორტზე (რუსეთის), როგორიც ეს ყაზახეთმა გააკეთა, რომელიც აქტიურად ცდილობს შტატებთან ურთიერთობების დალაგებას. ეს შეეხება რამდენიმე კატეგორიის საქონელს, ასევე გადახდების შეზღუდვას და სხვა.

„აგვისტოში აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ყაზახეთის საბაჟო სამსახურს მოძველებული სერვერების ნაცვლად ახლები გადასცეს. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად გამჭვირვალეს გახდის ყაზახეთის საბაჟოს ამერიკელი სპეციალისტებისთვის“, – ამბობს გამოცემასთან ერთ–ერთი ფინანსისტი.

რუსი იმპორტიორები იმედს არ კარგავენ, რომ ცენტრალური აზიიდან მათი პარტნიორები რუსეთთან მომგებიან თანამშრომლობაზე უარს არ იტყვიან. „ჩვენი კონტრაგენტები გვამშვიდებენ – ამბობენ, მათ რთულ პირობებში ვაჭრობის ათასწლიანი გამოცდილება აქვთ და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჭკვიანი ბიჭები რამეს მოიფიქრებენ. თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენ ხარჯებს გაგვიზრდის“, – ამბობს იმპორტიორი, რომელიც უზბეკეთის გავლით რუსეთში მოწყობილობების იმპორტს ახორციელებს.