თბილისი (GBC) – რუსეთის ეკონომიკას, რომელსაც სამხედრო მრეწველობა უთბობს ხელს, აღარ შეუძლია სწრაფი ზრდის გაგრძელება. ამის შესახებ ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (WIIW) ექსპერტები წერენ. „დღეს ის შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს და გადახურების სულ უფრო მეტ ნიშნებს იძლევა“, – განაცხადეს 30 იანვარს ინსტიტუტის ანალიტიკურ ცენტრში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის კვლევებზე მუშაობს.

WIIW–ის სპეციალისტები წერენ, რომ 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 3,5%–ით გაიზარდა, თუმცა მიმდინარე წელს, მათივე პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 1,5%–ზე მაღალი ვერ იქნება. ანალიტიკოსები აქცენტს მაღალ ინფლაციასა და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 16%–მდე გაზრდაზე აკეთებენ.

„ომის ხარჯები – ნარკოტიკი ეკონომიკისთვის“

„რუსეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ომის გაგრძელებაზე. საომარ მოქმედებებზე უზარმაზარი ხარჯები ეკონომიკაზე ნარკოტიკივით მოქმედებს“, – განაცხადა WIIW–ის ექსპერტმა რუსეთის საკითხებში ვასილი ასტროვმა. ინსტიტუტის ანგარიშში მითითებულია, რომ რუსეთის 2024 წლის ბიუჯეტის დაახლოებით 29% სამხედრო ხარჯებზეა გაწერილი.

გარდა ამისა, ავსტრიულმა ინსტიტუტმა უკრაინის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელიც შეამცირა. წელს უკრაინის მშპ–ის ზრდამ შესაძლოა 3% შეადგინოს, რაც 1,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია მანამდე არსებულ პროგნოზზე. ამასთან, ექსპერტები აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის შესაძლო გამარჯვებაზეც აკეთებენ აქცენტს, რაც, მათი აზრით, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხს, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისგან იცავს თავს.