თბილისი (GBC) – რუსი სამხედროები ქვეითების გამოყენებით მასირებული შეტევებისთვის ემზადება, ზუსტად ისე, როგორც ამას საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომის დროს აკეთებდა, განაცხადა The New York Times–თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილ პოდოლიაკმა.

მისი თქმით, რუსეთმა უკვე შეკრიბა სამხედროები და წვრთნის მათ მასირებული შეტევებისთვის. პოდოლიაკმა ეს სცენარი ერთ–ერთად დაასახელა, რომლებსაც რუსეთი ზამთრისთვის ამზადებს.

„რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ აღიარებს განცდილ ტაქტიკურ მარცხს და ყველაფერს, მათ შორის ყველაზე შემზარავ იდეებს ეპოტინება ვითარების თავის სასარგებლოდ შესაცვლელად“, – ამბობს პოდოლიაკი.

მანამდე უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ რუსეთი პირად შემადგენლობას და სამხედრო ტექნიკას აგროვებს, გაზაფხულზე ახალი სახმელეთო იერიშის დასაწყებად, რომელიც, დიდი ალბათობით, კიევის აღების მეორე მცდელობა იქნება.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.