თბილისი (GBC) – რუსეთის ომსკის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად საწვავის წარმოება თითქმის განახევრდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters ვითარებაში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით წერს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის მხრიდან მასირებული დაბომბვის საპასუხოდ, ომსკის ქარხანაზე დრონებით მიიტანეს იერიში, რასაც აფეთქება და მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. 

სააგენტოს რესპონდენტის თქმით, აფეთქებამ მწყობრიდან გამოიყვანა ნავთობის პირველადი გადამმუშავებელი ბლოკი АВТ-11 – ქარხნის ყველაზე მაღალი წარმადობის ობიექტი.

2023 წელს ამოქმედებული აღნიშნული ბლოკი წელიწადში 8,4 მლნ ტ ნავთობს და 1,2 მლნ ტ გაზის კონდენსატს გადაამუშავებდა, რაც ომსკის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის წარმოების 41 პროცენტია. ქარხანა რუსეთში უმსხვილესია და მასზე ქვეყანაში წარმოებული საწვავის დაახლოებით 10% მოდის.

Reuters–ის წყაროს თქმით, АВТ-11–ზე ნავთობის გადამუშავების შეწყვეტამ შესაძლოა ომსკის ამ ქარხნის სრული გაჩერება გამოიწვიოს, ვინაიდან სწორედ ამ ბლოკიდან მარაგდება ნედლეულით ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა.

ქარხნის წარმადობით მეორე ბლოკი АВТ-10 (8,6 მლნ ტ წელიწადში, ქარხნის სიმძლავრის 37%) პირველ აგვისტოს გააჩერეს ხანძრის გამო და ქარხნის მენეჯმენტს ძველი პირველადი აგრეგატების ამუშავება მოუწია.

ქარხნის პრეს–ცენტრი კი იუწყება, რომ ქარხანა „საშტატო რეჟიმში“ მუშაობს, ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია.

აფეთქებისა და ხანძრის დროს ქარხნის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

გასულ წელს ომსკის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ 21,28 მლნ ტ ნავთობი გადაამუშავა და 5,07 მლნ ტ საავტომობილო ბენზინი (რუსეთის მთელი წარმოების 11,5%), 8,1 მლნ ტ დიზელის საწვავი (9,2%) და 1,63 მლნ ტ საავიაციო ნავთი (15%) აწარმოა.