თბილისი (GBC) – ხერსონის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქში შევიდნენ. სამხედროები ადგილობრივებმა ხერსონის ერთ–ერთ მიკრორაიონში შენიშნეს. 

სოცქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ხვდება ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინელ სამხედროებს.

მანამდე, პარასკევს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის ქალაქ ხერსონიდან მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 11 ოქტომბერს დილის 5 საათზე დასრულდა.

„ჯარების მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასროლის შემდეგ მდინარის მარჯვენა ნაპირზე არცერთი საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება არ დარჩენილა, პირადი შემადგენლობა მთლიანად გადავიდა, რუსეთის დაჯგუფებას პირადი შემადგენლობის, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დანაკარგები არ განუცდია“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.