თბილისი (GBC) – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა, ხელი მოეწერა „დიდი შვიდეულის“ (G7) განცხადებაზე, რომლითაც გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს უნდა დაეგმოთ უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა. ამის შესახებ CNN კანადის მთავრობის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
CNN-ს ანონიმური წყარო ეუბნება, რომ ისინი ამას ამ მომენტში აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობას არ ანიჭებენ, "მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-მა უარი განაცხადა უკრაინის შესახებ განცხადებაზე ხელი მოეწერა, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სხვა წევრები დაეთანხმნენ“.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ CNN განუცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.
მანამდე, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-მა უარი თქვა „დიდი შვიდეულის“ განცხადების მხარდაჭერაზე, რომელშიც გმობდნენ რუსეთის დარტყმას უკრაინის ქალაქ სუმზე, რადგან აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ ეს ზიანს მიაყენებდა მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებს.
თეთრ სახლს ამ საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
ინფორმაციისთვის, 13 აპრილს, რუსეთის ჯარებმა ორი წუთის განმავლობაში ქალაქ სუმის ცენტრს ორჯერ დაარტყეს ბალისტიკური რაკეტებით „ისკანდერი“.
დაიღუპა 35 და დაიჭრა 120-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების მიერ სუმის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ "საშინელება მოხდა". ტრამპი იმასაც ირწმუნებოდა, რომ "მათ შეცდომა დაუშვეს", თუმცა აქ რუსეთი არ უხსენებია.
15 აპრილს დრონებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის კურსკის ოლქზე, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს მათზე, ვინც მონაწილეობდა ქალაქ სუმიზე 13 აპრილს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაში. კერძოდ, უკრაინის გენშტაბის თანახმად, დაარტყეს რუსეთის 448-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის პუნქტს, სადაც შეტევის შემდეგ საბრძოლო მასალების დეტონაციაც დაიწყო.
G7-ის წევრები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა და იაპონია.