თბილისი (GBC) - სამუშაო ადგილზე მომხდარი ფატალური, უბედური შემთხვევების რაოდენობა, 2025 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2024 წლის მონაცემებით, 2018 წელთან შედარებით, როცა კანონი ამოქმედდა, ეს მაჩვენებელი 44%-ითაა შემცირებული, 2023 წელთან შედარებით კი 24%-იანი კლებაა.
ამასთან, 2024 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად მძიმედ დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 25%-ითაა შემცირებული 2023 წელთან შედარებით; 18%-ითაა შემცირებული 2022 წელთან შედარებით; ხოლო საშუალო სიმძიმით დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 2024 წელს შემცირებულია: 26%-ით 2023 წელთან შედარებით; 24%-ით 2022 წელთან შედარებით.
2024 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 33 და დაშავდა 257. გარდაცვლილი 33 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 59 ქალი და 198 კაცი.
გარდაცვლილთა დასაქმების სფეროები შემდეგია:
- მშენებლობა - 23
- დამამუშავებელი მრეწველობა - 5
- ელექტროენერგიის, აირის და ორთქლის მიწოდება - 3
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა - 1
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერის დამუშავება - 1
დაღუპულთა უმრავლესობა თბილისში გარდაიცვალა, მეორე ადგილზე ამ კუთხით აჭარაა, მესამეზე კი იმერეთი.
„აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აქტიური ბიზნეს სუბიექტებისა და დასაქმებულთა რაოდენობების ზრდისა, პირდაპირპროპორციულადაა შემცირებული სამუშაო სივრცეში მომხდარი ინციდენტების რაოდენობა და შესაბამისად ინციდენტობის მაჩვენებელი“, - აცხადებენ ინსპექციაში.
jandacva.ge