თბილისი (GBC) - ასწლოვანი უმაღლესი სასწავლებლების (თსუ, სტუ) დახურვის კამპანიის გასაპროტესტებლად საზოგადოება, მათ შორის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები თსუ-სთან იკრიბებიან. 

მათ რიგებშია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გია ჯაფარიძე. მან "ფორმულაზე" ახალგაზრდების მობილიზაციის აუცილებლობაზე განაცხადა, „ოცნების მავნებლური კამპანიის შესაჩერებლად, კამპანიის, რომელიც ახალგაზრდებს უკლავს მომავალს, კამპანიის, რომელიც ემსახურება ახალი ინდივიდის, ახალი ქოცის გამოყვანას, შეზღუდული აზროვნებით“.

ჯაფარიძის შეფასებით, კამპანიას რამდენიმე დატვირთა აქვს: „უნდა გადაიფაროს მომიტინგეების ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ამბავი; ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა გაუყენონ ქუთაისის გზას, ბიძინა ივანიშვილის სასწავლებელში, ცარიელი მერხების შესავსებად; უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გაიდევნოს მოაზროვნე კორპუსი. და შედეგად ქვეყანა საბოლოოდ უნდა დაშორდეს ცივილურ დასავლეთს“.

განათლების ე.წ. რეფორმაზე სასაუბროდ ჯაფარიძე კობახიძეს დებატებში ელის, ნებისმიერ მედია პლატფორმაზე. მისი თქმით, „კობახიძემ დებატების თემის შემოგდებისას ვერ გათვალა, რომ ოპოზიცია დათანხმდებოდა და მოწოდება დააკორექტირა, თითქოს კონსტიტუციის დამრღვევებს არ უჯდება“.

ჯაფარიძემ TV ეთერიდან ოცნებას შეუთვალა „პოლიტიკის გამტარებლები ესაუბრონ და არა მონების მოჯამაგირე წვრილფეხობა“.

თუმცა ეეჭვება, „კობახიძემ რომ იდებატოს, განათლების თუ სასურსათო უსაფრთხოების თემაზე, რადგან სათქმელი არ აქვს ხალხთან, მათ შორის არც ბიზნესთან, რომელსაც პოლიტიკური განწყობის საჯაროდ გამოხატვას კანონით უკრძალავს“. 

ჯაფარიძეს ფიქრობს, რომ კობახიძე დებატებს გაექცევა იმიტომ, რომ არ აქვს პასუხები: „რატომ აღარაა საქართველო ევროსაბჭოს პოლიტიკურ ასამბლეაში; რატომ აამოქმედა ეუთოს 24 ქვეყანამ მონიტორინგის მექანიზმი და რა ვერდიქტს გამოუტანს საქართველოს სპეციალური მომხსენებელი; როგორ აღმოჩნდა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში და როგორ ვერ გამოვიდა ტრამპის იანვრის წლისთავზეც; რატომ დაეხეტება კობახიძე ეულად აშხაბადშიც კი და რატომ არტყამს თურქმენეთ-უზბეკეთს წრეს, უკვე მე-100-დ, რაზეც მთელი აზია დასცინის“.

ჯაფარიძის თქმით, „კობახიძე ვერც იმას იტყვის, რატომ გაძვირდა პირადობის მოწმობა, ჯარიმები, პარკინგი, დენი, გაზი ... არც ის ეცოდინება ამაზე როდის შეიქმნება კომისია. სამაგიეროდ იცის, რატომ ძვირდება მედიკამენტი, კვერცხი, პური და ძეხვი. ისიც, ინფლაცია რამ გამოიწვია და რატომ აღარ შემოდის ინვესტიციები, მაგრამ არ იტყვის. სავარაუდოდ კანონმდებლობაც ვერ გახდება სადებატო.

კობახიძის კაბინეტის უკანასკნელმა საკანონმდებლო ინიციატივებმა ყველა სეგმენტი მოიცვა. ერთ-ერთი შეეხება ემიგრანტის ოჯახს - ტრანსფერი შესაძლოა კონფისკაციას დაექვემდებაროს. ერთ-ერთი ეხება ბიზნესს - საზღვარგარეთ რეგისტრირებულმა კომპანიამ ვიზირება ოცნებისგან უნდა მიიღოს. ერთ-ერთი ეხება პარტიას - თუ უცხოური დაფინანსების მიმღებია, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცეს, 6 წლამდე პატიმრობის პერსპექტივით“.

ოპოზიციის ვერსიით, კერძო სექტორზე რევანშის საფუძველი პეტიცია გახდა, რომელზე ხელმოწერითაც ბიზნესის დიდმა ნაწილმა ევროპული არჩევანი დაამოწმა. თუმცა, მათივე  თქმით, "ქველმოქმედს" ყველაზე მეტად "უხეირო დიქტატორის" მეტსახელი აბრაზებს, სადამდეც მეცენატობიდან მივიდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის მიერ ხუთშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.

„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების კვლევით მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებით ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის თანახმად, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს,“ - განაცხადა მიქანაძემ.