თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 594.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 15.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის II კვარტალთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და 1 057.2 ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.6% განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.1 ათასი შეადგინა, რაც 3.4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 360.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
საქსტატის მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა, 49.1%, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.5%-ს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ამასთან, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 229 ათასი და 105.4 ათასი ვიზიტი.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.
2024 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6 ღამე) 4.3%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 98.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2024 წლის II კვარტალში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.