თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა და 53.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 20.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.5%-ით მეტია.

2024 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.5% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.1% - საშუალოზე, ხოლო 18.4% კი - მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46%, საშუალოზე - 24.3%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 29.7%.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.3 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.3%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 17 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით მეტი) შეადგინა.

2024 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 769.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4%-ით მეტია.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.6% ქალი იყო, ხოლო 56.4% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20% - საშუალოზე, ხოლო 36.5% - მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 724 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 657.0 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5%-ით მეტი).

2024 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 105.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 190.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 636.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 153.8 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 2 224.0 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 2 538.1 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1 653.6 ლარი.

2024 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 34.5% მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.9%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.5%-იანი წილით, მშენებლობა - 6%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.7%-იანი წილით, ხოლო 12.4%.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20.3%) და ვაჭრობა (19%), შემდეგ მოდის მშენებლობა (18.1%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.5%-იანი წილი უჭირავს.

ამასთან, 2024 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.4, 11.8 და 9.6%-იანი წილებით.

სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.2%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8%), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.3%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.1%) დარგის საწარმოებზეც.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება სქესისა და ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით:

 დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 

  •  ქ. თბილისი – 65.7%;
  • აჭარის ა.რ. – 9%;
  • იმერეთი – 6.7%;
  • ქვემო ქართლი – 5.6%;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4%;
  • კახეთი - 2.8%;
  • შიდა ქართლი - 2.2%;
  • მცხეთა-მთიანეთი - 1.7%;
  • სამცხე-ჯავახეთი - 1.4%;
  •  გურია - 0.9%;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3%.