თბილისი (GBC) - საქსტატის მიერ ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც, კვლევაში ჩართული ბიზნესმენების აზრით, კლიენტების დაკარგვას იწვევს.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.3%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა 7%-ით.
საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 81.4% და 69.9%). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 56.3% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 43.7% სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.
საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 80.9% შემუშავებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 22.6% — სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 21.9% მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება — მოდიფიცირების განხორციელებაზე, ხოლო 19.7% შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.
ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას მაღალ ხარისხზე ფოკუსირებას საწარმოთა 47.2%-მა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, საწარმოთა 35.6% მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 34.2% მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.