თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.6%-ით გაიზარდა და 204.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წელს მისი მოცულობა 77.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 8.5%-ით მეტია.
საქსტატის მტკიცებით, 2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.8% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.3% - საშუალოზე, ხოლო 17.9% კი - მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.15, საშუალოზე - 24.6%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 29.3%.
ამასთან, 2023 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 109 მილიარდი ლარი (2022 წელთან შედარებით 7.5%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 71.2 მილიარდი ლარი (2022 წელთან შედარებით 8.2%-ით მეტი) შეადგინა.
2023 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 823.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.7%-ით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.4% ქალი იყო, ხოლო 56.6% - მამაკაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.8%- საშუალოზე, ხოლო 39.8% - მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 771.5 ათასი კაცი შეადგინა (2022 წელთან შედარებით 6.2%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 17.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა (2022 წელთან შედარებით 20.7%-ით მეტი).
2023 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 827.3 ლარს გაუტოლდა (2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 221.4 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 445.3 ლარი შეადგინა (2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 181.3 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
- მსხვილი ბიზნესი – 2 077.2 ლარი;
- საშუალო ზომის ბიზნესი – 2 199.7 ლარი;
- მცირე ბიზნესი – 1 306.5 ლარი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 38% ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.4 %-იანი წილით, შემდეგ კი - დამამუშავებელი მრეწველობა 7.8%-იანი წილით, მშენებლობა - 5.9%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6%-იანი წილით, ხოლო 12.3% დანარჩენ დარგებზე განაწილდა.
2023 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა ვაჭრობა (19.7%) და დამამუშავებელი მრეწველობა (19.5%), შემდეგ მოდიოდა მშენებლობა (17.3%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 34.4%-იანი წილი ეკავათ.
2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 28.6, 11.7 და 9.6%-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.4%), მშენებლობის (8.3%), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (5.7%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.1%) დარგის საწარმოებზეც.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება სქესისა და ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით: