თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.6%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-4.6%), ისე ტანსაცმლის (-0.4%) ქვეჯგუფებზე;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში -0.04 პ.პ. შეადგინა. ფასები ძირითადად, შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-0.6%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (-0.3%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა -0.3%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.04 პ.პ.-ით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალების შეძენასა (-2.9%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0.6%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურების (2.7%) ქვეჯგუფზე;
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.04 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1%) ქვეჯგუფზე.
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6%), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პ.პ. შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).