თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $23.2 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $6.6 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 10.1%-ით), ხოლო იმპორტი $16.6 მლრდ-ს (გაიზარდა 9.3%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, $9.98 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43%-ია.

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ყირგიზეთი ($1.39 მლრდ)
  • ყაზახეთი ($849.9 მლნ)
  • რუსეთი ($672.5 მლნ)

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • აშშ ($2.49 მლრდ)
  • თურქეთი ($2.49 მლრდ)
  • ჩინეთი ($1.8 მლრდ)

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი ($2.98 მლრდ)
  • აშშ ($2.59 მლრდ)
  • რუსეთი ($2.38 მლრდ)

2025 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $2.6 მლრდ-ით, რაც მთელი ექსპორტის 39.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $339.6 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 5.1%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა $256.4 მლნ-ით (3.9%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $3.5 მლრდ და მთელი იმპორტის 21.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1.2 მლრდ-ით (იმპორტის 7.4%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები $605.3 მლნ-ით (იმპორტის 3.6%).