თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 35.1% თბილისში იყო განთავსებული, 16.5% – იმერეთში, 12.4% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11.3% – კახეთის რეგიონში, დანარჩენი 24.7% კი – სხვა რეგიონებში.

ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), რომლის წილად მოდიოდა მოქმედი ბაზრების და ბაზრობების საერთო რაოდენობის 74.7%, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად მოდიოდა 22.2%. დანარჩენი ბაზრები და ბაზრობები საქმიანობდნენ სააქციო საზოგადოების (2.1%) ან კოოპერატივის (1%) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე, 2025 წლის ოქტომბერში, საშუალოდ ვაჭრობდა 35 ათასი კაცი, ამ მოვაჭრეთა 41.8% ვაჭრობდა ქალაქ თბილისში, 15.7% – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, 9.5% – კახეთში, 8.7% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7% – შიდა ქართლში, 6.7% – აჭარის ა.რ.-ში, 6.2% – ქვემო ქართლში, 2.4% – მცხეთა-მთიანეთში, 1.1% – სამცხე-ჯავახეთში, ხოლო 0.9% – გურიის რეგიონში.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკურმა სუბიექტებმა განახორციელეს ₾384.5 მლნ-ის ღირებულების სამომხმარებლო საქონელის (ავტომობილების გარდა) რეალიზაცია. რეალიზებული საქონლის ღირებულების 25.9% ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, 23.3% – ავეჯზე და საოჯახო ნივთებზე, 21% – სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, 11.6% – პირადი ჰიგიენის და სხვა პირადი ნივთების ჯგუფზე, 8.2% – სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებზე, 6.4% – საცხოვრებლის მოვლა-შეკეთების და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ სასაქონლო ჯგუფზე, დანარჩენი კი დასვენების სხვა პროდუქტებზე (2.3%), ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე (0.6%), საკომუნიკაციო მოწყობილობებზე (0.5%), მედიკამენტებზე და სამედიცინო პროდუქციაზე (0.2%) განაწილდა.

₾733.8 მლნ-ის ოდენობით შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობის 61.6% თბილისზე მოდიოდა, 15.5% – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 6.7% – აჭარის ა.რ.-ზე, 4% – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3.9% – ქვემო ქართლის, 3.7% – შიდა ქართლის, 2.1% – კახეთის, 1.8% – სამცხე-ჯავახეთის, 0.4% – გურიის, 0.3% კი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.