თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 191 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 140 საჯარო და 51 კერძო.

2025 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 19.7 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 53.7% - ქალია, ხოლო 46.3% - კაცი.

საქსტატის მონაცემებით, სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 15.3%-ით გაიზარდა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (40.1%), შემდეგ მოდის აჭარის არ (19.3%), იმერეთი (11.5%), ქვემო ქართლი (10%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (7.4%) და კახეთი (4.1%).

2025 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 238 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.7% ქალია, ხოლო 64.3% - კაცი.

ამასთან, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (50.4%).

2025 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 10.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 47.1% ქალია, ხოლო 52.9% - კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის მომსახურებების (23.1%), ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (21.4%) და ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (15%) პროგრამებზე.