თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის ხაზების მთლიანი სიგრძე 2024 წლის ბოლოსათვის 2 401.3 კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტრიფიცირებული იყო 98.4%. რკინიგზის ლიანდაგების გაშლილი სიგრძე იყო 1 939.2 კილომეტრი, რომლის 42.7% მთავარი ხაზების სიგრძეა, 30.1% — განშტოებების სიგრძე, 24.3% სადგურის ლიანდაგებია, ხოლო 2.9% — მისასვლელი ლიანდაგები.
საქართველოს რკინიგზის ხაზების მთლიანი საექსპლუატაციო სიგრძე 2024 წლის ბოლოსათვის 1 576.5 კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტრიფიცირებული იყო 98.4%. მთავარი ხაზის საექსპლუატაციო სიგრძე იყო 529.9 კილომეტრი, რომლის 44.7% ერთლიანდაგიანია, 55.3% კი — ორლიანდაგიანი. საექსპლუატაციო მთავარი ხაზი სრულადაა ელექტრიფიცირებული.
2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.9%-ით მეტი, სულ 13.7 მლნ. ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 10.4% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.2% — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4% — ტრანზიტზე.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 74.4% მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 25.6% კი — ქვეყნიდან გატანილზე.
2024 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 42.1%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 27.1%-ის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 30.8%).
2024 წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.2%-ის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 10.1 პროცენტისას — ყაზახეთი, 8.1 პროცენტისას — სომხეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 71.6%).
2024 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის2 განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.1% — ნიდერლანდები, 8.2% — თურქეთი, 5.1% — ჩინეთი, 3% — აშშ, 3% — იტალია, 3% — რუმინეთი, 2.7% — უკრაინა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 5.9 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.1 პროცენტისას — უკრაინა, 1.5 პროცენტისას — თურქეთი, 1.3 პროცენტისას — საბერძნეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 39% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 20.4% — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 15.7% — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
2024 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 61.8% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 15.4% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 10% — სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტების სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (17.8%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11.7%), ძირითადი ლითონები (7.5%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (2.8%) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (2.7%); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (42.1%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (26%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.2%) და ძირითადი ლითონები (10.9%).
2024 წელს ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 82.3% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (44.9%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (27.6%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (9.8%).
ამასთან, 2024 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 2 077.0 ათასი მგზავრი, რაც 9%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 478.1 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 11.2%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2024 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 2 048.7 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.6%-ს შეადგენს და 8.6%-ით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 28.3 ათასი მგზავრი, რაც 30.4%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 71.1% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 28.9% (2024 წელს სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).