თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 7.9%-იანი მატება. 

2024 წლის ნოემბერთან შედარებით ფასები 1.7%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.11 პ.პ-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.3%), რამაც 0.22 პ.პ-ით შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.2%) და სასმელებზე (1.7%). გარდა ამისა, ფასების -0.3%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.04 პ.პ შეადგინა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 23.7%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.4 პ.პ-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (27.9%); 
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.05 პ.პ-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.6%) და ძირითად ლითონებზე (15.7%); 
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 11.4%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.22 პ.პ-ით იქონია გავლენა; 
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.23 პ.პ-ით იქონია გავლენა.

რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასებს - ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 1%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 2.3%-ით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 12.9%-ით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 9.2%-იანი ზრდა.