თბილისი (GBC) - სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 1.4%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.7%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.1%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 7.7%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 

ვიზიტების უმრავლესობა, 48.2%, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 45.7% შეადგინა.

2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 33.4%, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ამასთან, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 871.1 და 425.3 ათასი ვიზიტი. 

2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (6.5 ღამე) 6.9%-ით მეტია. ვიზიტების 98% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

საქსტატის მტკიცებით, 2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წელთან შედარებით 11.2%-ით გაიზარდა და 1 007.9 ლარი შეადგინა.