თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 45 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64.1% თბილისშია.
2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 58.6 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 31.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 27 ათასი.
საქსტატის მონაცემებით, სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 8%-ით.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 195.4 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 4.1%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტების 55.3%, ხოლო კერძოში - 44.7%.
სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.1% ქალია, ხოლო 47.9% - კაცი.
2025 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 32.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 9.9%-ით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 58.8% ქალია, ხოლო 41.% - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 12.7%-ით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 44.4 ათასი შეადგინა, რაც 19.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 12.2 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.2%-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს, უნივერსიტეტებში მიიღეს 720 დოქტორანტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლეთან შედარებით 2.9%-ით მეტია. დოქტორანტების რიცხოვნობა 0.1%-ით გაიზარდა და 3 025 შეადგინა.
წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 16%-ით შემცირდა და 368 პირი შეადგინა.