თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ით განისაზღვრა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.2 პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7%), ზეთი და ცხიმი (0.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.4%), თევზეული (-0.3%), პური და პურპროდუქტები (-0.1%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.3%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (7.1%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.4%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0.2%);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.8%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პ.პ-ით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3%), ისე ტანსაცმლის (-2.6%) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.25 პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (15.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (11.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (9.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.4%), რძე, ყველი და კვერცხი (2.6%), თევზეული (1.2%) შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9%), პური და პურპროდუქტები (0.8%), ხილი და ყურძენი (0.1%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.45 პ.პ-ით აისახა. ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურების (7.6%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (7%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (3.5%) ქვეჯგუფებზე;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.6%-ით, რაც 0.38 პ.პ-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები ძირითადად მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (26.3%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო მომსახურება (5.4%), პირადი ჰიგიენა (4.3%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.32 პ.პ-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.3%);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.45 პ.პ-ით აისახა.