თბილისი (GBC) – ევროპის 30 ქვეყანაში აღმოაჩინეს აზიური ვეფხვისებრი კოღოები, რომლებიც „დენგეს ცხელებად“ წოდებული საშიში დაავადების გადამტანები არიან.

ამ საფრთხესთან დაკავშირებით, ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა ტურისტები უკვე გააფრთხილა, რომლებიც ავსტრიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში, მალტაში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სლოვენიაში, ხორვატიასა და საფრანგეთში აპირებენ მოგზაურობას.

დენგეს ცხელება ინფექციური გადამდები დაავადებაა, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება. დაავადების გამომწვევია რნმ შემცველი არბოვირუსი, რომლის გადამტანიც კოღოები არიან. ინფექციის წყაროს კი წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი, ასევე მაიმუნები და ღამურები. დენგეს ცხელებით ეპიდემიურ კერებში უპირატესად ავადობენ ბავშვები და არაიმუნური პირები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, განსაკუთრებით კი დაკავშირებულია წვიმიან პერიოდთან. დენგეს კლასიკური ფორმა რეგისტრირდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.