თბილისი (GBC) - გურიაში ღვინის დაყენების საუკუნოვანი ტრადიცია საბჭოთა კავშირის აგრონომიული პოლიტიკის გამო გაწყდა. საბჭოთა „გეგმური ეკონომიკის“ პერიოდში კომუნისტებმა პრიორიტეტი ჩაის კულტურას და ციტრუსს მიანიჭეს – ვენახები გაჩეხეს. მივიწყებული ტრადიციის აღორძინება თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ გახდა შესაძლებელი და ამ პროცესში თავის „სიტყვას“ მცირე მარნები ამბობენ. ისინი პრემიუმ ხარისხის უნიკალური ღვინოებით ცდილობენ ადგილის დამკვიდრებას უცხოურ ბაზრებზე და ამით ხელს უწყობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას მაღალი საფასო სეგმენტის ბაზრებზე. ასეთი მცირე მარნის კატეგორიას მიეკუთვნება გურიის ერთ–ერთ ულამაზეს სოფელში, შემოქმედში მდებარე „მენაბდის მარანი“, რომლის წარმომადგენელმა, პროფესიით პოლიტიკური სამართლის სპეციალისტმა, სამართლის დოქტორმა ვახუშტი მენაბდემ გვითხრა, რომ მისთვის ღვინო ბევრი რამის თავმოყრას ნიშნავს. 

„ერთდროულად ნიშნავს წინააღმდეგობრიობას და ამ წინააღმდეგობის გადალახვას, რომელიც ღვინოში და ღვინის მეშვეობით ერთმანეთს ერევა და წარმოშობს რაღაც ისეთს, რაც იქამდე არ არსებობდა“.

შემოქმედელმა ოჯახმა თავდაპირველი ტერიტორია მოამზადეს, სადაც შემდეგ მცირე მარანი გამართეს. ბიზნესის გაფართოების მიზნით კი მენაბდეებმა მიწის ფართობები 2016 წელს შეიძინეს. აქ არის განთავსებული: საკარმიდამო ნაკვეთი, ვენახი, ხეხილის ბაღი, თხილის ბაღი, სასტუმრო და მარანი. ეს ყველაფერი 3.5 ჰა ფართობზეა გაშენებული.

„ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი შევისყიდეთ, 2 500 მ2 ისედაც ჩვენი ოჯახის საკუთრებაში იყო. პირველადი შენაძენი ოჯახის წევრების სხვა საქმიანობისგან დაგროვილი და ერთად თავმოყრილი დანაზოგით მოხდა. ეს იყო დაახლოებით $30 000-ის ღირებულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავდა 2 ჰა-ზე ცოტა ნაკლებს“, - აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე.

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება. ყველაფერი დამოკიდებულია გეოგრაფიულ მდებარეობაზე. იმაზე, თუ როგორ კლიმატურ პირობებში და რა შემადგენლობის ნიადაგზე აპირებ ვენახის გაშენებას. სანამ ყურძნის მოყვანის და შემდეგ ღვინის გაშენების გამოწვევებისა და აღმოჩენებით სავსე მოგზაურობაში თავით გადაეშვები, მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ახლად ჩაყრილი ვაზიდან ყურძნის მიღებას ოთხი ან ხუთი წელი შეიძლება დასჭირდეს.

ეს არ არის ამბავი „დარგე და დაივიწყეზე“. უნდა იცოდე, სად ხარობს შენ მიერ შერჩეული ვაზის ჯიშები ყველაზე კარგად, რომელი რეგიონის კლიმატზეა მორგებული, რომელი ყურძნის ჯიშია, რომელი დაავადების მიმართაა მგრძნობიარე, რა პერიოდია მის დასარგავად ყველაზე კარგი. მოკლედ, რთულია. თან თუ გურიაში გადაწყვიტე ვენახის გაშენება – კიდევ უფრო რთული. 

ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, რომ დამწყებ მეღვინეს შეუძლია დაგუგლოს და მოიძიოს სტანდარტული ინფორმაცია ვაზის შეწამვლის და სხვა სამუშაოების შესახებ. თუმცა საძიებო სისტემაში ქართულ ენაზე ატვირთული ამ სახის ინფორმაცია მხოლოდ კახეთზე და ქართლზეა მორგებული. გურიის კლიმატური პირობების შესაბამისი ასეთი რეკომენდაციები, გაიდლაინები, ინტერნეტსივრცეში არ არსებობს.

მისივე თქმით, არ არსებობს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ უნდა დააყენო ღვინო. თუნდაც, ერთ–ერთი უნიკალური გურული ვაზის საკმიელას ყურძნისგან. შენ გიწევს თავიდან აღმოაჩინო როგორ მიდის დუღილის პროცესი, რა არის მოსალოდნელი დაძველების დროს და ა.შ. შემდეგ გიწევს დაჯდე, ელაპარაკო ამ სფეროში კარგად გათვითცნობიერებულ ადამიანებს, მისწერო, შეხვდე, შეაჯამო და მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულ ვაზის ჯიშთან როგორ იმუშაო.

გურიაში არსებობს რამდენიმე სანერგე მეურნეობა, სადაც ადგილობრივი ვაზის ნერგები გამოჰყავთ, მაგრამ, ვახუშტი მენაბდის თქმით, ისინი კუსტარულ პირობებში მუშაობენ. ზოგჯერ ისიც კი არ იციან, საძირედ რას იყენებენ. ამიტომ, რთულია გაიგო, რამდენად ხარისხიანი ნერგებით აშენებ ვენახს. ეს პრობლემები აისახება როგორც ვენახის, ისე ყურძნის და საბოლოოდ ღვინის ხარისხზეც.

„ამასწინათ ერთ-ერთი საერთაშორისო პროგრამით ჩამოვიდა ღვინის ძალიან კარგი ესპანელი ექსპერტი და მასთან გვქონდა საუბარი. ვკითხეთ: ვენახში ნერგის რა პროცენტი ხარობს? (ნერგის ხარისხი ერთ-ერთი კრიტერიუმია, რამდენი პროცენტი გაიხარებს. ჩვენს პირობებში 80%-მა თუ გაიხარა, კარგია) - ამ კაცს გაუკვირდა, რა თქმა უნდა ყველაო. ესპანეთში ხარისხი არის კარგი. ჩვენთან კი ნერგის ხარისხი დაბალია. მას სჭირდება მეცნიერული გაწმენდა, მყნობის გამართული ტექნოლოგია და ასე შემდეგ, რაც არ მუშაობს. ვერ მუშაობს, იმიტომ, რომ სანერგე მეურნეობას სჭირდება გარკვეული სახის კაპიტალი“. 

„მენაბდის მარანი“ აწარმოებს სამი სახეობის ღვინოს: ცოლიკაურს, საკმიელას და ჩხავერს. საკმიელას ვენახები ძალიან ახალგაზრდაა და ჯერ სრულ მსხმოიარობაში არ შესულა. ამიტომ, მათ მარანში ჩხავერი და ცოლიკაური დომინირებს.

ადგილობრივი ყურძნის პოტენციური მახასიათებლების სრულად გამოსახატავად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გურული ღვინის დაყენების ცოდნა აღორძინების პროცესშია (მიუხედავად იმისა, რომ გურიაში ამპელოგრაფიაში დაფიქსირებულია სულ ვაზის 60 ჯიშზე მეტი, აქედან დაახლოებით 20 ჯიში გადაშენებულია. აღსანიშნავია, რომ შემორჩენილი ვაზის ჯიშებისგან ისინი მაღალხარისხიან ღვინოს იძლევიან), ამიტომ მენაბდის მარანმა შეითავსა ექსპერიმენტატორობაც – მათ მუდამ უწევთ ექსპერიმენტების ჩატარება, მაგალითად: კონკრეტულ წელს როგორი ვერსია იყო ყველაზე კარგი: ქვევრის, უქვევრო, ჭაჭაზე დაყოვნებული, ჭაჭის გარეშე, ადრეული მოსავლის, გვიანი მოსავლის, თოვლში დაკრეფილი (თუ ვენახს ამის შესაძლებლობა იმ წელს მიეცემა), ან იქნებ, პეტნატი და ა.შ.

ღვინის ექსპერტები გვიყვებიან, რომ ჩხავერი გამოირჩევა სინაზით, მომცემია მაღალხარისხოვანი პროდუქციის, როგორც სუფრის, ასევე ცქრიალა ღვინოების დასაყენებლად. ტრადიციული ჩხავერის ღვინო ღია ვარდისფერია. მაგრამ ვახუშტი მენაბდემ ჩხავერს შესაძლებლობების ფართო დიაპაზონი გაუხსნა რამდენიმე განსხვავებულ ღვინოს აყენებს: თეთრი, ქარვისფერი, ღია ვარდისფერი, მუქი ვარდისფერი და ღია წითელი ღვინოც კი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს დააყოვნებ ჭაჭაზე. შაქრის შემცველობას რაც შეეხება (საუბარია მაღალი ხარისხის ღვინოზე), შეიძლება დავაყენოთ: ნახევრად ტკბილი, ნახევრად მშრალი და მშრალი ღვინო. ასევე შეგვიძლია დავაყენოთ: პეტნატი და ცქრიალა ღვინო.

მენაბდეს მარანი ცდილობს იპოვოს ჩხავერისთვის საუკეთესო ვერსია. მაგალითად 2020 წლის მოსავლის ღვინო იყო მუქი ვარდისფერი, ან ღია წითელი (ევროპული პერსპექტივიდან), მწიფე კენკრის, ამავე ხილის მურაბისა და კვამლის არომატით. ვახუშტი მენაბდე გვიყვება, რომ 2021 წლის ჩხავერის მოსავალი ხასიათდებოდა გამჭვირვალე ძოწისფერით, სადაც თავიდანვე იგრძნობდით ძახველის და მკვეთრ მცენარეულ ტონებს. ამოიცნობდით თამბაქოს და ტკბილ სუნელებსაც. ტანინები იყო საგრძნობი და გამჭოლი.

მენაბდის მარანი ღვინის დასაყენებლად იყენებს ქვევრს, ან უჟანგავი ფოლადის ცისტერნებს, რეზერვუარებს და მრავალგვარი ტექნოლოგიის წყალობით მეღვინე ექსპერიმენტებსაც არ ერიდება.

“ჩვენ გვინდა ღვინის დაყენების საუკეთესო ტექნოლოგია ვიპოვოთ, რაც დამახასიათებელია ამ ტერიტორიისთვის. ზოგადად, ძალიან მწირია გურიაში ღვინის წარმოება და, სხვათა შორის, ბოლო დროს გაიზარდა კიდეც, რაც ძალიან კარგია”, - აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე ჩვენთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, 2016 წელს, მაშინ, როდესაც მეღვინეობა დაიწყეს, მთელ გურიაში ალბათ სულ 4 მარანი თუ მოიძებნებოდა.

“2023 წელს “ღვინის კლუბის” ორგანიზებით ჩატარდა პროექტი. ჩვენ ვიყავით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ჩატარებული პროექტის გურიაში მეღვინეობის პარტნიორები. ბოლოს პროექტმა ჩაატარა დეგუსტაცია, სადაც 40-ზე მეტი სახეობის გურული ღვინო გავსინჯეთ. ანუ, 40 ღვინო მოიტანა სხვადასხვა მწარმოებელმა, რაც არის ძალიან მაღალი ზრდის მაჩვენებელი. 10 წლის წინ, შეიძლება 10 ღვინოც არ მოგროვებულიყო”. - თქვა მან.

„მენაბდის მარანს“ ღვინის დასაყენებლად საკუთარი ვენახის მოსავალი არ ჰყოფნის, ამიტომ ყურძენს თავისი პარტნიორებისგან ყიდულობს, რომლებთანაც წლების განმავლობაში თანამშრომლობს, იცის მათი ხარისხი, იცის, როგორ უვლიან ვენახს წლიდან წლამდე.

ვახუშტი მენაბდე ცდილობს სხვადასხვა მარნების ღვინოებიც შეადაროს ერთმანეთს. მაგალითად: სოფელ შემოქმედში, ბახვში როგორია, ბაღდათში როგორია, სუფსის ხეობაში როგორია, ბჟუჟის ხეობაში როგორია, ნატანების ხეობაში როგორია და სხვ...

„ამ ყველაფერს მუდმივად ვტესტავთ, ვადარებთ ერთმანეთს, ვინახავთ ამ ღვინოს. ჩვენი ღვინის მრავალფეროვნების დიდი ნაწილი რეალიზაციაში საერთოდ არ გადის იმიტომ, რომ ინახება სწორედ ამ ტესტებისთვის. წლიდან წლამდე ვსინჯავთ რა განსხვავებაა, როგორ ვითარდება, რა შესაძლებლობებს იძლევა ესა თუ ის საღვინე ჯიში“, - აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე.

მარნის მენაბდისეული კონცეფცია და ხედვა

„მენაბდის მარნის“ კონცეფცია და ხედვა სამ ძირითად პოსტულატს ეყრდნობა:

პირველი - ეს არის ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ადამიანებს, რომლებსაც სურს, რომ ქალაქის ხმაურს დროებით გაერიდონ, ჩავიდნენ იქ, სადაც დახვდებათ სიმშვიდე და სუფთა ჰაერი, ამისთვის „მენაბდის მარანი“ საუკეთესო არჩევანია.

მეორე - ავთენტიკურობის შენარჩუნება. ცდილობს ის ეთნოგრაფიული ღირებულება, რაც გააჩნია გურიის ამ ულამაზეს სოფელს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს და ამავდროულად შეერწყას კომფორტს.

„არსებობს ორი უკიდურესობა, ერთი, როდესაც გინდა წახვიდე სადღაც ავთენტიკურ გარემოში, ძველი სოფლის ძველ სახლში და იქ ჩასულს ელემენტარული პირობები არ გხვდება და მეორე, იქ სადაც კომფორტული პირობებია, მაგრამ ყველგან არის შუშა და ბეტონი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს ორი რამ შეგვერწყა“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

მესამე - მომხმარებლისთვის ტრადიციული გურული სამზარეულოს და გურული კერძის შეთავაზება, ოღონდ იმ ფორმით, რომ მაქსიმალურად მისაღები იყოს თანამედროვე მომხმარებლისთვის.

ერთის მხრივ, მარნის დამფუძნებლები არ კარგავენ იმას, რაც წინაპრებისგან მიიღეს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ცდილობენ, მაქსიმალურად მოარგონ ეს ყველაფერი სტუმრების მოთხოვნილებებს და სერვისებიც თანამედროვე ფორმებით მიაწოდონ მომხმარებელს.

1 ბოთლი ღვინის თვითღირებულების ანატომია

ვახუშტი მენაბდე ზოგადად ბოთლის ღვინის სარეალიზაციო ფასის და თვითღირებულების წარმოქმნას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს: მოსავლიანობას, ყურძნის ფასს, დამხმარე და შესაფუთი მასალების ღირებულებას. ავიღოთ შუშის ბოთლის წარმოება, ის არც ისე მაღალ ტექნოლოგიებს მოითხოვს, ქვეყანაში კი, მენაბდის თქმით, არ გვაქვს საწარმოები, რომლებიც დააკმაყოფილებს ბაზარზე მინის ტარაზე არსებულ მოთხოვნას.

„ღვინის საწარმოებლად კორპი შემოგვაქვს პორტუგალიიდან, მუდმივი მომწოდებელი გვყავს და ამიტომ ზუსტად ვიცი საიდან შემოდის. რაც შეეხება ბოთლს, ის ძნელი საშოვნელია და ამიტომ ხან საიდან და ხან საიდან შემოგვაქვს. ეს დამოკიდებულია წელზე. ჩხავერისთვის ვიყენებთ თეთრ ბოთლს. ანუ, იმ ბოთლს, რომელიც არის გამჭვირვალე და ეს კიდევ უფრო ძნელი საშოვნელია, ვიდრე, მაგალითად, მწვანე შეფერილობის ბოთლი“.

ვახუშტი მენაბდე აღნიშნავს, რომ ჩხავერი გურიაში ძვირია. 1 კილოგრამი ღირს 6 ლარიდან 10 ლარამდე, როცა ღირდა 5 ლარი (მენაბდის მარანს 1 ბოთლის დასამზადებლად სჭირდება 2 კილოგრამი ყურძენი). მისივე თქმით, 5 ლარად ბოლოს როდის იყიდა, არ ახსოვს. მიუხედავად ამისა, მარანი 1 ბოთლ ჩხავერს სარეალიზაციო ობიექტებს 50 ლარად აწვდის, ცოლიკაურის შემთხვევაში ფასი 30 ლარია.

ძვირი ღირს ტექნოლოგიაც, ქვევრიდან დაწყებული – უჟანგავი ფოლადით დამთავრებული.

„ჩვენი ღვინის დიდი წილი ჩვენთანვე, სასტუმროში იყიდება. ღვინო ექსპორტზე გაგვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნამდვილად ვიცით, რომ ფასი მისაღებია და ამასთან მიდის კარგ ადგილას. ამიტომაც ექსპორტზე ხშირად არ გაგვაქვს. გვქონდა შემთხვევა, როცა გავიტანეთ ბელგიაში, მაგრამ ამერიკაში ქართველ იმპორტიორს ფასის გამო ვერ შევუთანხმდით. ახლა საბერძნეთთან გვაქვს მოლაპარაკებები.

ჩვენთვის საქართველოში ბარებში და რესტორნებში საცალო გაყიდვები ამ ეტაპზე ბიზნესის თვალსაზრისით მომგებიანი არ არის. თუმცა მაინც გვაქვს რამდენიმე ღვინის ბარში, რადგან გვინდა, რომ ჩვენი ღვინო იყოს ხელმისაწვდომი ქართველი ღვინის მოყვარულებისათვის და მხოლოდ უცხოეთზე არ გავაკეთოთ აქცენტი. მაგრამ ამავე დროს გვსურს, რომ ქართული ღვინის ხარისხი გავიტანოთ უცხოეთშიც’’.

ვახუშტი მენაბდე გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა აშშ–ში, კერძოდ კალიფორნიასა და ლოს-ანჯელესში. მისივე თქმით, აქ ყველა ღვინის მოყვარულმა იცის ქართული ღვინო და ძალიან უყვართ ის.

მისივე თქმით, კალიფორნიაში ქართული ღვინო ადვილი საშოვნელია. სუპერმარკეტები, რომლებიც მაღალხარისხიანი ღვინით არიან დაინტერესებულნი, მათ ღვინის დახლზეც კი შეიძლება გადააწყდე ქართულ ღვინოს.

„კალიფორნიაში ქართული ღვინო სადღაც $25-დან $45-მდე ღირს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ მისაღები ფასია. არ არის იაფი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ღვინო არის მცირე მარნის, ბუნებრივად დაყენებული, მაღალი ხარისხის, ამ დროს ფასი მისაღები ხდება“.

მარანი და სასტუმრო – აგროტურიზმის იდეალური ფორმულა

„მენაბდის მარნის“ ინფრასტრუქტურა მოიცავს 2 სახლს, რომლებიც გადაკეთებულია სასტუმროდ. სასტუმროში სულ 8 ნომერია და ერთდროულად 20 სტუმრის მიღება შეუძლიათ.

ერთ-ერთი სახლის პირველ სართულზე განთავსებულია ღვინის მარანი და სადეგუსტაციო სივრცე.

„მენაბდის მარნის“ სასტუმრო ტურისტებს მრავალი ქვეყნიდან მასპინძლობს. პოტენციურ სტუმრებს არაერთი პლატფორმიდან შეუძლიათ სასტუმროს დაჯავშნა. მომხმარებელიც მრავალფეროვანი ჰყავთ. სოფელ შემოქმედში, „მენაბდის მარნის“ სანახავად მისულ სტუმრებს შეხვდებით: ამერიკიდან, ევროპიდან, აფრიკიდან, აზიის სახელმწიფოებიდან.

სასტუმროს დატვირთულობა მაღალია ივლის-აგვისტოში – 2/3-ზეც ადის. მაგრამ რაც შეეხება მაისს, ივნისს, სექტემბერს და ოქტომბერს, აქ სასტუმროს დატვირთულობა იკლებს და ხშირ შემთხვევაში 1/3 ხდება.

ვახუშტი მენაბდეს აზრით, ეს გამოწვეულია რიგი მიზეზების გამო. მათ შორის იმით, რომ გურია არ არის ტურისტული მიზიდულობის ცენტრი. არ არის ინფრასტრუქტურულად განვითარებული.

ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების პრობლემა გურიის სოფლებში კვლავ რჩება

2024 წლის ზამთარში „მენაბდის მარანს“ მოუწია სასტუმროს დახურვა სხვადასხვა პრობლემების გამო, რომელსაც გზადაგზა აწყდებოდა. პირველი ეს იყო ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა.

სოფელ შემოქმედში ხშირია ელექტროენერგიის არასტაბილური მოწოდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სეზონზე ყველა ჭექა-ქუხილზე ელექტრო ენერგია ითიშებოდა. ეს კი, რა თქმა უნდა, სტუმრებს დისკომფორტს უქმნიდა. როგორც ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, გათბობის სისტემაც ამასთან არის კავშირში და სასტუმროს ზამთარში ფუნქციონირება გაცილებით დიდ ლოგისტიკურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ზაფხულში.

ამასთან ერთად, დიდ სასტუმროს აქვს ელექტროენერგიის მიწოდების ავტონომიური სისტემა, განსხვავებით პატარა სასტუმროებისგან.

„ჩვენ ვცადეთ და გამოვიყენეთ როგორც გენერატორები, ისე სპეციალური ელემენტები, რომლებიც ელექტროენერგიას ინახავს, თუმცა სამწუხაროდ ამან არ იმუშავა. გურიაში არც  წყლის სისტემა არსებობს. წარმოიდგინეთ, იმისთვის, რომ სასტუმრო ამუშაო, რა რაოდენობის წყალი გჭირდება. ჩვენ ამ წყალს ვიღებთ ჭიდან. არის სპეციალური სატუმბი სისტემა, რომელიც წყალს ტუმბავს ჭიდან და აგროვებს შემდეგ რეზერვუარებში“.

მაგრამ ზოგჯერ ეგეც პრობლემაა, თუ ზაფხული გვალვიანია და გრუნტის წყლები დაშრა, სასტუმროს ფუნქციონირებისთვის ქალაქიდან გიწევს წყლის ჩამოტანა. მაგრამ, რამდენი უნდა ჩამოიტანო იმისთვის, რომ სასტუმრო ამუშაო?

ვახუშტი მენაბდის თქმით, ერთადერთი რამ, რაც გურიაში გამართულად მუშაობს, გაზმომარაგების სისტემაა.

გურული მეღვინეობის ფესვებთან დაბრუნება

„ჩვენთვის ეს არის საქმე, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს, საინტერესოა, მოგვწონს და გვინდა სტუმრებსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ ღვინოს დააგემოვნებენ, ესიამოვნოთ“.

ვახუშტი მენაბდე აღნიშნავს, რომ ღვინის კონკურსში მხოლოდ ერთხელ მიიღეს  მონაწილეობა ისიც იმიტომ, რომ დასკვნა, რომელსაც კომისია დადებდა, ენახათ.

„ვცდილობ მოვუსმინო ღვინის ექსპერტებს და მათგან მივიღო რჩევები. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მეღვინეობის საუკუნოვანი ტრადიცია, რაც არსებობდა გურიაში, მე-20 საუკუნეში გაწყდა და ლამის 1 საუკუნის შემდეგ დავიწყეთ ამ ყველაფერთან დაბრუნება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ის, რაც აქამდე იყო შემონახული, გამოვიყენოთ და სხვა აღმოვაჩინოთ. ვუსმენთ ადამიანებს, ვისაც ღვინო ესმის, ქართველი იქნება ის თუ უცხოელი. მაგრამ ქართველებს უფრო მეტად. იმიტომ, რომ მსოფლიოში ქართული ღვინის უცხოელი ექსპერტი სამწუხაროდ ძალიან ცოტაა’’, - გვიამბობს ვახუშტი მენაბდე.

პრობლემები, პრობლემები, პრობლემები...

გურიაში დამწყები მეღვინე მექანიზაციის პრობლემასაც აწყდება.

„მაგალითად, მჭირდებოდა კონკრეტული სახის ტრაქტორი იმისთვის, რომ მიწაში ინტერვენცია მოხვნის გარეშე განმეხორციელებინა. მსგავსი ტიპის ტრაქტორი ვერ ვიშოვე, რაღაც ეტაპზე იყო გურიაში, ახლა აღარ არის“.

მისივე თქმით, თუ გურიაში მექანიზაცია გაგიფუჭდა, ვერ შეაკეთებ, თბილისში უნდა წაიღო, ან ზუსტად გაარკვიო, რომელი ნაწილია შესაცვლელი და ისიც თბილისიდან ჩამოიტანო.

გურიაში არ არის ლაბორატორია. ღვინის ხარისხის შესანარჩუნებლად შენ გჭირდება ყოველკვირეული თუ არა, ყოველთვიური ანალიზი. ამიტომ გიწევს, სხვადასხვა სახეობის ღვინის ტარება თბილისში. პატარა მარნებისთვის ამ თანხების მობილიზება კი მარტივი ამბავი საერთოდ არ არის.

„ძალიან დაბალია შესაწამლი საშუალებების ხარისხიც. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მინდა ბიო წამალი და ვერ ვშოულობ. მიწევს ან დაველოდო, ან სხვა ქალაქებიდან ჩამოვიტანო. არ არსებობს ტექნოლოგის ან მეღვინის სერვისი, რომელსაც გადაუხდი თანხას და მისგან მიიღებ პროფესიულ რჩევებს. რა თქმა უნდა, არსებობენ მეღვინეები, კარგი მეღვინეები, მაგრამ რამდენჯერ უნდა შეაწუხო რჩევების საკითხავად? თუ დამწყები ხარ, არავის არ იცნობ, აქ უკვე დიდ პრობლემებს აწყდები“.

გარდა ამისა, მეღვინეობას სჭირდება საწყისი კაპიტალი. ცისტერნა გჭირდება, ქვევრი გჭირდება, სულ რომ შენით გააშენო ვენახი, შენ დაანამყნო, ცისტერნას ვერ ააშენებ. ამიტომ  მხოლოდ პატარ-პატარა შეღავათები სახელმწიფოსგან საკმარისი არ არის, საჭიროა სისტემური პოლიტიკა.

„მენაბდეს მარნის“ სამომავლო გეგმები

„მენაბდეს მარანი“ ახლა აშენებს 20 ტონაზე გათვლილ მარანს, რომელსაც ექნება მიწისქვეშა განყოფილება, სადაც განთავსდება ცისტერნები. მომდევნო სართულზე განთავსდება ქვევრები. აქვე იქნება სადეგუსტაციო სივრცეც. ვახუშტი მენაბდის თქმით, ფიქრობენ  შედარებით დიდი სასტუმროს გაკეთებასაც. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმუშავებს ახალი მარანი, ღვინო როგორ გაიყიდება და რამდენად იქნება დატვირთული სტუმრებით.

სიმბოლურია, რომ მენადეების ოჯახმა თავიანთ ეზოში სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა 15-მდე ქვევრი. არქეოლოგების პირველადი შეფასებით ეს არის გვიანი შუა საუკუნეების ქვევრები.

ოქტომბერია, შენ ახლახან მოწყდი სუფრას და ღვინის ჭიქით ხელში აივანზე დგახარ. ეზოში ძირნაყარი ვაშლის, გამონახადი ჭაჭის და ხილის არყის სუნია. გაჰყურებ საკმიელას და ჩხავერის ოქროსფერ ფოთლებს, ვაზზე შერჩენილ მელნისფერ და დამჭკნარ ყურძენს, რომელსაც პირველი თოვლის მოსვლის შემდეგ ისევ დაკრეფენ.  გიწევს დაელოდო მეორე ოქტომბერს, რათა თავიდან გადაეშვა გურული ღვინის სამყაროში და აწ უკვე მომხდარი ახლიდან აღმოაჩინო. ეს ამბავია, ამბავი, რომელიც შენამდე არსებობდა, შენ კი ამ ამბის გაგრძელება ხარ.

ავტორი: ანა გულბათაშვილი