თბილისი (GBC) - საქართველოს ღვინის წარმოება 2025 წელს დაახლოებით 2.1 მილიონ ჰექტოლიტრს აღწევს, რაც 14%-ით ნაკლებია 2024 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე, თუმცა კვლავ 2%-ით აღემატება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) წინასწარი მონაცემებით, წარმოების კლება 2024 წლის წლის არაჩვეულებრივად უხვ მოსავალს უკავშირდება, ხოლო 2025–ში ხელსაყრელმა ამინდმა ქვეყანას საშუალება მისცა, წარმოება ბოლო წლების მაღალ ნიშნულთან ახლოს შეენარჩუნებინა.

რეგიონული ტენდენციები

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (ევროკავშირის მიღმა) შედეგები არაერთგვაროვანია.

რუსეთის ღვინის წარმოება 5.1 მლჰ-ის ფარგლებშია, რაც 2024 წლის დონეს ინარჩუნებს და ხუთწლიან საშუალოზე 9%-ით მაღალია. მოლდოვამ, 2024 წლის გვალვებისა და ყინვების შემდეგ, წარმოების 18%-იანი ზრდა (1.4 მლჰ) აჩვენა, რაც გაზაფხულის უხვმა ნალექებმა განაპირობა.

ევროკავშირში წარმოება 140 მლჰ-ს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით 2.1 მლჰ-ით (+2%) მეტია, თუმცა ხუთწლიან საშუალოზე 8%-ით ნაკლები. იტალიამ (47.4 მლჰ) დაიბრუნა მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსი, მაშინ როცა საფრანგეთი (35.9 მლჰ) და ესპანეთი (29.4 მლჰ) ისტორიულად მცირე მოსავალს აღრიცხავენ კლიმატური სტრესის, გვალვისა და დაავადებების გამო.

გლობალური პერსპექტივა

გლობალური ღვინის წარმოება 2025 წელს, წინასწარი შეფასებით, 232 მლჰ-ს აღწევს. ეს მაჩვენებელი 3%-ით აღემატება 2024 წლის ისტორიულად დაბალ მოცულობას, თუმცა მაინც 7%-ით ჩამორჩება ბოლო ხუთი წლის საშუალოს.

აშშ: წარმოება 21.7 მლჰ-მდე გაიზარდა (+3%), თუმცა კვლავ ჩამორჩება ისტორიულ პიკს.

სამხრეთ ნახევარსფერო: წარმოება 7%-ით გაიზარდა (49 მლჰ). ავსტრალია (11.6 მლჰ) და ახალი ზელანდია (3.7 მლჰ) ზრდას აჩვენებენ, ხოლო ჩილეში წარმოება 10%-ით შემცირდა წყლის დეფიციტის გამო.

ბაზრის ბალანსი

OIV-ის დასკვნით, ზედიზედ მესამე წელია, წარმოება საშუალოზე დაბალია, რაც ამცირებს ზეწოლას მარაგებზე გლობალური მოთხოვნის შემცირების ფონზე. კლიმატის ცვლილება კვლავ რჩება მთავარ ფაქტორად, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმოების დონეს განსაზღვრავს.