თბილისი (GBC) – ისრაელში ცოლ–ქმარი დააკავეს, რომლებსაც ბრალად საქართველოს მოქალაქეების ისრაელის ტერიტორიაზე ბენ–გურიონის აეროპორტიდან არალეგალურად გადაყვანაში ედებათ.  ისრაელური გამოცემა www.vesty.co.il–ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პოლიცია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ქმარი აეროპორტის მართვის სისტემაში მუშაობდა. ეჭვების თანახმად, მას, ცოლთან ერთად, საქართველოს მოქალაქე მგზავრები ტერმინალიდან საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით გაჰყავდა. ამის სანაცვლოდ კი არალეგალი ქართველებისგან $10 ათასს იღებდა ნაღდ ფულად.

მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილებმა პოლიციის ყურადღება მიიქციეს, მათზე თვალთვალი დააწესეს. გაირკვა, თუ როგორ გადაჰყავდათ საქართველოს მგზავრები საზღვარზე არალეგალურად.

საქართველოდან ჩასული არალეგალები აეროპორტის სამსახურებრივ ზონაში გადაჰყავდათ. იქ შეჰყავდათ ტუალეტში, სადაც აეროპორტის დაქირავებული თანამშრომლების ფორმები იყო გამზადებული. იქვე გადასცემდნენ სატრანზიტო საშვებს, რომელთა გაფორმებაც აეროპორტში ეჭვმიტანილის ფუნქციებში შედიოდა. შემდეგ არალეგალები სამსახურებრივი გასასვლელიდან გადიოდნენ და მანქანით გადაჰყავდათ დანიშნულების ადგილზე.

პოლიციის პრეს–სამსახურში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი სწორედ იმ მომენტში დააკავეს, როდესაც არალეგალთან ერთად მიემართებოდა ავტომობილისკენ. ჩხრეკისას მას დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა აღმოაჩნდა.

ამ თაღლითურ სქემაში რა როლს ასრულებდა დაკავებულის ცოლი, უცნობია.