თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთის ონლაინ უსაფრთხოების მარეგულირებელმა ორგანომ, Ofcom-მა, ხუთშაბათს TikTok-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. უწყება შეისწავლის, შეასრულა თუ არა პლატფორმამ „ონლაინ უსაფრთხოების აქტით“ (Online Safety Act - OSA) გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც ბავშვების მავნე კონტენტისგან დაცვას გულისხმობს. ამის შესახებ POLITICO წერს

მარეგულირებლის მოკვლევა ეყრდნობა მის ორ ანგარიშში გამოთქმულ შეშფოთებას, რომლებიც ბავშვების ონლაინ გამოცდილებასა და ასაკის დადგენის მექანიზმებს ეხება. კერძოდ, ეჭვქვეშ დგას TikTok-ის მიერ გამოყენებული ასაკის განსაზღვრის მოდელები (რომლებიც მომხმარებლის ასაკს მათი აქტივობის საფუძველზე სავარაუდოდ ადგენენ). Ofcom-ის მიხედვით, ეს მოდელები არ არის მაღალეფექტური და, შესაძლოა, არასრულწლოვანი მომხმარებლების იდენტიფიცირება სწორად ვერ მოახდინა.

„ონლაინ უსაფრთხოების აქტის“ (OSA) თანახმად, პლატფორმებმა ასაკის დადგენის „მაღალეფექტური“ მეთოდები უნდა გამოიყენონ, რათა ბავშვები მავნე კონტენტის ზემოქმედებისგან დაიცვან. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში Ofcom-მა აღნიშნა, რომ ასაკის დასადგენად მსგავსი სავარაუდო მოდელების გამოყენება შეშფოთებას იწვევს და ამ მეთოდს ეფექტურად არ მიიჩნევს.

მოსალოდნელი სანქციები

თუ TikTok-ის მიერ კანონის დარღვევა დადასტურდება, Ofcom-ს შეუძლია კომპანიას დააკისროს ჯარიმა 18 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე, ან მისი გლობალური შემოსავლის 10%-ის ოდენობით (იმის მიხედვით, თუ რომელი თანხა იქნება მეტი).

მარეგულირებელმა განაცხადა, რომ გამოძიების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ოქტომბერში გამოაქვეყნებს.