თბილისი (GBC) – მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უნდა დაიწყოს მზადება ახალი, კაცობრიობისთვის კიდევ უფრო საშიში პანდემიისთვის, ვიდრე ეს იყო COVID-19. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიურ ასამბლეაზე ჟენევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

იგი ახალი პანდემიის საფრთხეს ხედავს, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო სახიფათო გახდეს. „სხვა ვარიანტის გაჩენის რისკი, რომელიც ახალ აფეთქებებს, ავადმყოფობას და სიკვდილს გამოიწვევს, არსებობს. ასევე ნარჩუნდება ახალი პათოგენის გამოჩენის შესაძლებლობა, უფრო ძლიერი მომაკვდინებელი პოტენციალით“, – ციტირებს მედია ჯანმოს ხელმძღვანელს.

მისივე თქმით, მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს ახალ პანდემიასთან საბრძოლველად.