თბილისი (GBC) – ევროკომისია ევროკავშირში არალეგალური მიგრანტების რაოდენობის ზრდასთან გამკლავებას გეგმავს დეპორტაციის ახალი გეგმით, რომელზეც სამშაბათს, 24 იანვარს განაცხადეს, წერს გერმანული გამოცემა DW. „ვინს საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, წარმოშობის ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა ბრიუსელში ევროკავშირის კომისარმა საშინაო საკითხებში ილვა იოჰანსონმა. მისი თქმით, 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე 300 ათასზე მეტი არალეგალური მიგრანტი შევიდა, რომელთა უმრავლესობას თავშესაფრის მიღება არ ეკუთვნის.

ევროკავშირი წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობს რეპატრიაციის მაჩვენებლების გაზრდას, რაც პირიქით – მცირდება. მაგალითად, 2019 წელს რეპატრიაციას დაქვემდებარებულთაგან 29%–მა დატოვა გაერთიანების ტერიტორია, ხოლო 2021 წელს ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 21% შეადგინა.

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სტრატეგია შემაკავებელი ფაქტორი უნდა გახდეს საფრთხის შემცველი და არალეგალური მიგრაციისთვის.

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ევროპაში გერმანია ლიდერობს

თავშესაფრის მოთხოვნით შესული განცხადებების რაოდენობით 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის გერმანია ლიდერობდა. თანაც, 2021 წელთან შედარებით მიმართვიანობის მაჩვენებელი 57%–ით არის გაზრდილი. გერმანიაში თავშესაფარს ძირითადად სირიის, ავღანეთის, თურქეთის, ერაყისა და საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ. გერმანიის შემდეგ მოდიან საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრია და იტალია. თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე ნაკლები განცხადება გასულ წელს ლატვიაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში შევიდა.