თბილისი (GBC) – ევროკომისიამ ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუარესა და ინფლაციის მოლოდინი გაზარდა. ბრიუსელი ამის მთავარ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე განვითარებულ ახალ ენერგეტიკულ შოკს ასახელებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა DW წერს.
ევროკომისიის შეფასებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთობლივი ეკონომიკა 2026 წელს მხოლოდ 1,1%-ით გაიზრდება, მაშინ როცა წინა პროგნოზი 1,5%-ს შეადგენდა.
ინფლაციის პროგნოზი კი 3,1%-მდე გაიზარდა, რაც წინა მოლოდინზე ერთი პროცენტული პუნქტით მეტია.
ენერგეტიკული შოკი და საწვავის გაძვირება
ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის ეკონომიკა ახალი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, რაც საწარმოო ხარჯებისა და სამომხმარებლო ფასების ზრდას იწვევს.
კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ხოლო თეირანმა საპასუხო დარტყმები სპარსეთის ყურის რეგიონში განახორციელა. შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ფაქტობრივად შეფერხდა ჰორმუზის სრუტის ფუნქციონირება – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის.
ამან ევროპაში საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
გერმანიის ეკონომიკა სუსტი რჩება
ევროკომისიის პროგნოზით, გერმანიის ეკონომიკა 2026 წელს მხოლოდ 0,6%-ით გაიზრდება, ხოლო 2027 წელს – 0,9%-ით.
ბრიუსელის შეფასებით, ეკონომიკის სტაბილიზაციაში მნიშვნელოვან როლს თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით სახელმწიფო ხარჯები ასრულებს.
ამასთან, გერმანიის ბიუჯეტის დეფიციტი 2026-2027 წლებში ევროკავშირის მიერ დაშვებულ 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს და, სავარაუდოდ, მშპ-ის 3,7%-სა და 4,1%-ს მიაღწევს.
რა პროგნოზი აქვს ბრიუსელს 2027 წლისთვის
ევროკომისია ვარაუდობს, რომ 2027 წელს ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა 1,4%-მდე დაჩქარდება, ხოლო ინფლაცია 2,4%-მდე შემცირდება.
ბრიუსელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ბოლო წლებში ენერგოდამოკიდებულება ნაწილობრივ შეამცირა, გაზარდა განახლებადი ენერგიის წილი და უფრო მდგრადი ეკონომიკური მოდელი ჩამოაყალიბა.
თუმცა, ევროკომისია ევროპას აფრთხილებს, რომ თუ ენერგომატარებლების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო დიდხანს გაგრძელდება, ეკონომიკური პროგნოზები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუარესდეს.
ბრიუსელი მიზნობრივი დახმარებისკენ მოუწოდებს
ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, დახმარება მიზნობრივად გაუწიონ ყველაზე მოწყვლად ოჯახებსა და დაზარალებულ ბიზნესს, ხოლო ფართომასშტაბიანი სუბსიდიებისგან თავი შეიკავონ, რადგან მსგავსი პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ძვირი ჯდება.