თბილისი (GBC) - იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ბრიუსელზე ზეწოლას ახდენს ევროკავშირის ფისკალური წესების შერბილების მიზნით, რათა მთავრობებმა შეძლონ ირანის ომითა და ენერგომატარებლებზე მკვეთრად გაზრდილი ფასებით გამოწვეული ეკონომიკური შოკის განეიტრალება. ამის შესახებ POLITICO წერს

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი მიწერილ წერილში, რომლის შესახებაც ორშაბათს პირველად იტალიური გაზეთი Corriere della Sera იტყობინებოდა, მელონიმ მოითხოვა, რომ „ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად საჭირო ინვესტიციები და საგანგებო ზომები“ გათავისუფლდეს ბლოკის „სტაბილურობისა და ზრდის პაქტის“ რეგულაციებისგან. აღნიშნული ჩარჩო ევროკავშირის წევრებს ავალდებულებს, რომ სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნონ.

„ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისი და ჰორმუზის სრუტეში არსებული დაძაბულობა, რაც ემატება უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგებს, უკვე ახდენს ძალიან მძიმე და ხშირად ასიმეტრიულ გავლენას ენერგიის ფასებზე, ასევე ოჯახებისა და ბიზნესის ხარჯებზე“, - წერს მელონი წერილში.

იტალიის პრემიერი ამტკიცებდა, რომ ისევე, როგორც სტაბილურობის შეთანხმება თავისი გათვლებიდან ათავისუფლებს თავდაცვის ხარჯებს, ანალოგიურად არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ენერგეტიკასთან დაკავშირებული ხარჯებიც. „ჩვენ უნდა გვქონდეს პოლიტიკური გამბედაობა, რათა ვაღიაროთ, რომ დღეს ენერგოუსაფრთხოება ასევე წარმოადგენს ევროპის სტრატეგიულ პრიორიტეტს“, - აღნიშნა მან მტკიცედ.

მელონიმ დასძინა, რომ რომს გაუჭირდება ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსების პროგრამაში (SAFE) მონაწილეობის გამართლება, თუ ბრიუსელი უარს იტყვის მსგავს მოქნილობაზე ენერგეტიკულ ხარჯებთან მიმართებით. იტალიას სურს, რომ ბლოკის არსებული „ეროვნული უსაფრთხოების დათქმა“, რომელიც ამჟამად თავდაცვის ინვესტიციებთან არის დაკავშირებული - დროებით გაფართოვდეს და საგანგებო ენერგეტიკული ღონისძიებებიც მოიცვას.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ეს მიმართვა მელონისთვის ფისკალურად რთულ მომენტში ხდება. გასულ თვეში ევროკავშირის სტატისტიკურმა ორგანომ დაადასტურა, რომ რომის 2025 წლის ბიუჯეტის დეფიციტმა ბრიუსელის ფისკალური წესები დაარღვია. ეს სიახლე მელონისთვის მართლმსაჯულების რეფერენდუმში განცდილი სერიოზული მარცხის ფონზე გავრცელდა და სავარაუდოდ, აიძულებს იტალიის მთავრობას, შეზღუდოს ხარჯები სენსიტიური საარჩევნო წლის წინ, როდესაც მისი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია გამოკითხვებში თავის მემარცხენე-ცენტრისტულ ოპონენტებთან თანაბარ პოზიციებზეა.

მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს, ირანის სამიზნეებზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტყმების შედეგად ირანის ომი იფეთქა, ევროპას ენერგიის ფასების მკვეთრი ზრდა დაატყდა თავს, რასაც თან ახლავს მზარდი შეშფოთება გაზის მიწოდებასთან, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეფერხებებთან და საავიაციო საწვავის მარაგების შემცირებასთან დაკავშირებით. გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20 პროცენტი სწორედ ჰორმუზის სრუტეზე გადის.

თუმცა, ბრიუსელი აქამდე წინააღმდეგობას უწევდა მოწოდებებს კრიზისთან გასამკლავებლად ძირითადი პოლიტიკის შეცვლის შესახებ. მიმდინარე წლის დასაწყისში კომისიამ უარყო ავსტრიის, გერმანიის, იტალიის, პორტუგალიისა და ესპანეთის მოთხოვნა იმ ენერგეტიკულ კომპანიებზე ზემოგების გადასახადის (windfall tax) დაწესების შესახებ, რომლებიც ირანის ომის ფონზე დიდ მოგებას იღებენ. კვირას უწყებამ ანალოგიურად მიანიშნა, რომ არ აპირებს მელონის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

იტალიური მედიისთვის მიცემულ განცხადებაში, კომისიის პრესსპიკერმა ოლოფ გილმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მთავრობებს კრიზისის სამართავად უკვე შესთავაზა „ვარიანტების ფართო სპექტრი“. მან დამატებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბლოკი „ამ ვარიანტებს შორის არ განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების დათქმას“, რადგან სურს დარჩეს „ფისკალურად პასუხისმგებლობიანი შეზღუდვების ჩარჩოებში“.