თბილისი (GBC) – Ferrari–ს პირველი ელექტრომობილი, საბაზო კომპლექტაციით, სულ მცირე 500 000 ევრო ($535 000) ეღირება, უთხრა სააგენტო Reuters-ს საკითხში გარკვეულმა წყარომ. ახალი ქარხნის გახსნა, რისთვისაც იტალიური ავტოკონცერნი ემზადება და სადაც ელექტრომობილებს გამოუშვებენ, ჯგუფის წარმოებას ერთი მესამედით გაზრდის.

Ferrari–ს ცნობით, ელექტრომობილების გაყიდვები მომავალი წლის ბოლოს დაიწყება.

შიდა წვის ძრავიანი Ferrari–ს საშუალო საცალო ფასმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 350 000 ევრო შეადგინა.

კონკურენტების ელექტრომობილების ფასები გაცილებით დაბალია: შედარებით ნაკლებელიტურ სეგმენტში Porsche–ს Taycan დაახლოებით 100 000 ევრო ღირს. ამასთან, ბევრი ავტომწარმოებელი, ბაზარზე მოთხოვნის შემცირების გამო, ფასებს ამცირებს.

Ferrari–მ კომენტარი არ გააკეთა იტალიის ქალაქ მარანელოში ახალი ქარხნის გახსნისა და მომავალი ელექტრომობილის ფასთან დაკავშირებით.