თბილისი (GBC) – გერმანული კონცერნი Rheinmetall მზადაა უკრაინას 139 ტანკი გადასცეს. კომპანიას აპრილი–მაისის პერიოდში უკრაინისთვის 29 ერთეული  Leopard 2A4–ის გაგზავნა შეუძლია, კიდევ 22 იგივე მოდიფიკაციის ტანკის კი წლის ბოლომდე. კომპანიას კიდევ 88 ერთეული Leopard 1–ის მიწოდება შეუძლია კიევისთვის.

რუსეთის გენშტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა რუსეთისთვის ახალ საფრთხეებად დაასახელა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება და „უკრაინის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ჰიბრიდულ ომში“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკადრო ცვლილებებს ახორციელებს. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო, ასევე თანამდებობებს ტოვებენ რამდენიმე სამხედრო–სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. თანამდებობიდან წასვლის განცხადება უკვე დაწერა გენერალური პროკურორის მოადგილემ ალეკსეი სიმონენკომ, რომელიც ესპანეთში დასასვენებლად წასვლის გამო გააკრიტიკეს. ზელენსკიმ თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ არასამსახურებრივი მიზნების წასვლა აუკრძალა.

უკრაინამ რუსეთის პატრიარქის კირილის ძმის შვილს მიხაილ გუნდიაევს სანქციები დაუწესა. უკრაინულ სანქციებში მოხვდა კიდევ 22 ადამიანი, რომელთაგან 21 რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელია.

სერბეთის პრეზიდენტს ალეკსანდრ ვუჩიჩს დასაშვებად მიაჩნია მისი თანამდებობიდან წასვლა. ამის შესახებ ვუჩიჩმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა. „მე ვცხოვრობ ქვეყნისთვის, სამშობლოს ჯარისკაცი ვარ და გავაკეთებ იმას, რაც კონკრეტულ მომენტში სახელმწიფოს ინტერესებში იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა. მანამდე დასავლელი შუამავლები ამბობდნენ, რომ სერბეთი მზადაა გერმანიისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებული გეგმის მისაღებად. ეს გეგმა კოსოვოს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას გულისხმობს. სერბეთის პრემიერ–მინისტრმა „მძიმე გადაწყვეტილება“ დააანონსა. დასავლეთი სერბეთს სერიოზულ პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას ჰპირდება, თუ ბელგრადი დარეგულირების გეგმას მიიღებს.

კალიფორნიაში კიდევ ერთი მასობრივი მკვლელობა მოხდა, რასაც 7 ადამიანი შეეწირა. მკვლელი პოლიციას ჩაბარდა. ორი დღის წინ იგივე კალიფორნიაში შეიარაღებულმა კაცმა 10 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. დაიჭრა კიდევ 10 ადამიანი.