თბილისი (GBC) – რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა მოლდოვასთან და დიასპორასთან კავშირების საკითხებში ევგენი ტომაკმა განაცხადა, რომ ბუქარესტი მზადაა მოლდოვასთან გაერთიანების განსახილველად.
„ჩემი აზრით, ნებისმიერი კეთილსინდისიერი რუმინელი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის, ორი სახელმწიფოს გაერთიანებას ბუნებრივ პროცესად განიხილავს“, – განაცხადა ტომაკმა.
მან განმარტა, რომ ბუქარესტი მზადაა ნებისმიერ დროს დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ოღონდ იმ პირობით, თუ მოლდოვა ამას მისაღებად მიიჩნევს: „საკუთარი მომავლის განსაზღვრა მათი უფლებაა“.
კითხვაზე, თუ რამდენად მზადაა რუმინეთი გაერთიანების სცენარისთვის და მოიპოვებს თუ არა საამისოდ საჭირო მხარდაჭერას პარტნიორების მხრიდან როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში და სტრატეგიული პარტნიორი აშშ–სგან, ტომაკმა უპასუხა: „თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა იცის, რომ რუმინეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში ერთი და იგივე ხალხი ცხოვრობს“.
მოლდოვაში ოპოზიცია პრეზიდენტ მაია სანდუს გადადგომას მოითხოვს, რომელმაც სამშაბათს განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში მოლდოვის რუმინეთთან შეერთებას დაუჭერდა მხარს. ოპოზიცია სანდუს „პოლიტიკურ ღალატში“ ადანაშაულებს.