თბილისი (GBC) - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე ჩინური Alibaba უარს ამბობს „ალიექსპრეს რუსეთში“ ინვესტირებაზე. გამოცემა The Bell წერს, რომ უმსხვილესი აქციონერის მაგალითს, რომელიც კომპანიის წილის თითქმის ნახევარს ფლობს, სხვა აქციონერებმაც მიჰბაძეს და დაფინანსება მთლიანად შეწყდა. ამის შედეგად მარკეტფლეისი პერსონალს სულ მცირე გაანახევრებს, დახურავს პროექტებს, უარს იტყვის სარეკლამო კამპანიაზე და შეწყვეტს საკუთარი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.
Alibaba Group–ის გარდა (47,85%), კომპანიის თანამფლობელები არიან მილიარდერი ალიშერ უსმანოვის USM (24,3%), VK (15%) და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი (12,8%).
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიისადმი ინტერესი ზოგიერთმა ინვესტორმა 2021 წლის ბოლოდან დაკარგა, მათი საბოლოო გადაწყვეტილებების მამოტივირებელი მაინც Alibaba–ს ნაბიჯი აღმოჩნდა. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე კომპანიამ პარტნიორებს მკაფიოდ განუმარტა, რომ რუსულ მარკეტფლეისში ფულს აღარ ჩადებდა. ომამდე აქციონერები კომპანიაში ნათელ მომავალს ხედავდნენ და ამბიციურ გეგმებსაც აწყობდნენ, თუმცა მათთან პარტნიორობა Alibaba–სთვის ომის გამო ტოქსიკური გახდა.
„Alibaba საჯარო კომპანიაა, ის ნიუ–იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, ბევრი ურთიერთკავშირი აქვს ამერიკის ბაზართან და ინსტიტუტებთან. რუსული პროექტისთვის თავს არავინ მოიკლავს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბაზრის ზრდის პერსპექტივა არ ჩანს უკრაინის წინააღმდეგ ომისა და სანქციების გამო“, – უთხრა The Bell–ს ერთ–ერთმა წყარომ.