თბილისი (GBC) - Reuters წერს, რომ რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“ (GAZP.MM) ბუნებრივი აირის საშუალო დღიური მიწოდება ევროპაში, „თურქული ნაკადის“ წყალქვეშა მილსადენის მეშვეობით, იანვარში წლიურად 10,3%-ით გაიზარდა.
თურქეთი ერთადერთი სატრანზიტო მარშრუტია, რომელიც რუსული გაზისთვის ევროპისკენ დარჩა მას შემდეგ, რაც უკრაინამ არ ისურვა მოსკოვთან ხუთწლიანი სატრანზიტო ხელშეკრულების გაგრძელება, რომელსაც ვადა 2025 წლის იანვარში ამოეწურა.
Reuters-ის გამოთვლებით, რუსული გაზის მთლიანმა მიწოდებამ ევროპაში „თურქული ნაკადით“ იანვარში 1,73 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, წინა წლის იმავე პერიოდში არსებულ 1,57 მილიარდ კუბურ მეტრთან შედარებით. ევროპული გაზის გადამცემი ჯგუფის, Entsog-ის მონაცემებზე დაფუძნებულმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ რუსული გაზის ექსპორტი „თურქული ნაკადის“ მილსადენით იანვარში დღეში 55,8 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, 2025 წლის იანვრის 50,6 მილიონი კუბური მეტრიდან. ეს მაჩვენებელი დეკემბრის მონაცემების შესაბამისი იყო, როდესაც ექსპორტი დღეში 56 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა.
კომპანიას, რომელსაც საკუთარი ყოველთვიური სტატისტიკა 2023 წლის დასაწყისიდან არ გამოუქვეყნებია, Reuters-ის კომენტარზე არ უპასუხებია.
2025 წელს, უკრაინული მარშრუტის დაკეტვის შემდეგ, „გაზპრომის“ გაზის ექსპორტი ევროპაში 44%-ით შემცირდა და 1970-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა, - ნათქვამია Reuters-ის გამოთვლებში.
გასულ წელს „გაზპრომის“ მიწოდებამ სულ რაღაც 18 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რუსული მილსადენის გაზის ექსპორტმა ევროპაში პიკს 2018-2019 წლებში მიაღწია, როდესაც წლიურად 175-180 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი შეადგინა.