თბილისი (GBC) – ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ პარასკევს ამერიკული საქონლის იმპორტის დაბეგვრის 84%–დან 125%–მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალიდან, 12 აპრილიდან შევა ძალაში.

პეკინმა ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მიერ ჩინური პროდუქციის 125%–ით დაბეგვრის შესახებ გამოცხადებიდან ორ დღეში მიიღო.

„აშშ–ის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ შემოღებული არანორმალური დაბეგვრა უხეშად არღვევს საერთაშორისო ეკონომიკურ და სავაჭრო წესებს, რომლებიც ეკონომიკურ კანონებს და საღ აზრს უნდა ეფუძნებოდეს. ეს არის სრულიად ცალმხრივი დაშინება და ზეწოლა“, – ნათქვამია ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პარასკევს პირველად გააკეთა კომენტარი აშშ–თან სავაჭრო ომის შესახებ. „სავაჭრო ომში გამარჯვებული ვერავინ გამოვა, მსოფლიოსთან დაპირისპირება კი თვითიზოლაციის მომტანია“, – თქვა სი ძინპინმა პეკინში ესპანეთის პრემიერ–მინისტრთან პედრო სანჩესთან შეხვედრაზე.

სიმ დასძინა, რომ „ჩინეთს უსამართლო ზეწოლის არ ეშინია“, „კვლავაც თავდაჯერებული იქნება“ და „საკუთარი საქმის კეთებაზე“ იქნება ფოკუსირებული.

ტრამპმა მარტში ჩინეთს 20%–იანი ტარიფები დაუწესა, აპრილში – დამატებით 34%. ჯამში ეს 54%–ს შეადგენდა. პეკინმა სარკისებური პასუხი გასცა ვაშინგტონს. ამის შემდეგ ტრამპმა ტარიფები ჯამურად 104%–მდე გაზარდა. ჩინეთის პასუხი იყო – 84%. როდესაც ტრამპის სვლა მოვიდა, მან ჩინეთს ტარიფი 125%–მდე გაუზარდა.

ჩინეთმა, საპასუხო ტარიფებთან ერთად, ჰოლივუდის ფილმების იმპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილებაც მიიღო.