თბილისი (GBC) – საერთაშორისო სავალუტო ფონდში (სსფ) მიიჩნევენ, რომ წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე განხორციელებული იერიშები მსოფლიო ეკონომიკაზე ჯერ არ ასახულა. ამის შესახებ The Washington Post–თან ინტერვიუში სსფ–ის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა და ისიც აღიარა, რომ სუეცის არხის გავლით გადაზიდვები მკვეთრად შემცირდა და პრობლემები პანამის არხსაც შეექმნა.
გეორგიევას აზრით, წითელ ზღვაში განვითარებულ მოვლენებს ისეთი მასშტაბი არ აქვს, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზებს გადავხედოთ. იგი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი უმეტესად ეგვიპტეზე აისახება: ეს ქვეყანა სუეცის არხიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული და დღეს ყოველთვიურად $100 მლნ–ზე მეტს კარგავს.
„და რა თქმა უნდა, ეს (წითელი ზღვის მოვლენები) გარკვეულ ზეწოლას ახდენს ფასებზე. თუმცა ჯერ არც იმდენად, რომ ვიფიქრო გლობალური ინფლაციის პროგნოზების ზრდის მიმართულებით გადახედვაზე“, – განაცხადა გეორგიევამ.
მისივე თქმით, სუეცის არხში ტვირთბრუნვა ძალიან შემცირდა და გაიზარდა საქონლის ზღვით ტრანსპორტირების ხარჯებიც და ტვირთის დაზღვევის ფასიც.
მისივე თქმით, პანამის არხზეც პრობლემებია, ხანგრძლივი გვალვის გამო.
ისრაელსა და პალესტინურ მოძრაობა ხამასს შორის ომის ფონზე, ხამასის მხარდამჭერმა ხუსიტებმა, რომლებიც იემენში არიან ბაზირებული, წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე იერიშები დაიწყეს. აშშ–მა, დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერით, 12 იანვრიდან იემენში ხუსიტების პოზიციებზე რამდენიმე იერიში მიიტანა.