თბილისი (GBC) – უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში საბაჟოს საწყობში 28 სექტემბრის ღამით მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 163 დაშავდა.

აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 03:00 საათზე მოხდა, რის შემდეგაც ხანძარმა 3 000 კვ/მ ფართობი მოიცვა. მეხანძრე მაშველები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. უზბეკეთის შსს მომხდარის ოფიციალურ მიზეზად მეხის დაცემას ასახელებს.

უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია ერთი მოზარდი. დაშავებული 163 ადამიანიდან კი ჰოსპიტალიზაცია 24–ს დასჭირდა.

აფეთქების ტალღამ მიმდებარე შენობებში მინები ჩაამსხვრია. ძლიერი დაზიანება მიიღო ერთ–ერთი სკოლის შენობამ.