თბილისი (GBC) – მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანების ქონება ოთხშაბათს, 9 აპრილს, $304 მლრდ–ით გაიზარდა – ეს ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, Bloomberg-ის მიერ მილიარდერების რეიტინგის დაანგარიშების ისტორიაში.

კაპიტალის მკვეთრი ზრდა საფონდო ბაზრების მწვანე ზონაში გადასვლის ფონზე შეინიშნებოდა მას შემდეგ, რაც აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სავაჭრო პარტნიორების უმეტესობისთვის დაწესებული ტარიფების გადახედვის პირობა დადო, წერს სააგენტო Bloomberg.

მილიარდერების კაპიტალის ჯამურმა ზრდამ ოთხშაბათს წინა რეკორდული მაჩვენებელი დაჩრდილა, რომელიც $233 მლრდ–ს შეადგენდა. ეს დღიური მაჩვენებელი 2022 წლის მარტში იყო დაფიქსირებული.

9 აპრილის ვაჭრობების შედეგად ინდექსმა S&P 500 (SPX), 2008 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ზრდა აჩვენა. ერთ დღეში S&P 500 9,5%–ით გაიზარდა. მანამდე, წინა 4 დღის განმავლობაში, ინდექსმა 12% დაკარგა. NASDAQ გუშინდელ ვაჭრობაზე 12%–ით გაიზარდა, რითაც ყველაზე მკვეთრი ზრდა აჩვენა 2001 წლის შემდეგ, ხოლო Dow Jones 7,9%–ით გაიზარდა, რაც ბველაზე სწრაფი მატებაა 2020 წლის მარტის შემდეგ. შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის ქონება ერთ დღეში 3,5%–ით გაიზარდა.

აშშ–ის მიერ იმპორტის მასშტაბური დაბეგვრა 2 აპრილისთვის იყო დაანონსებული. მაშინ ტრამპმა 211 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან იმპორტზე 10–დან 50%–მდე გადასახადი დააწესა. ეს შეეხო შტატების უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებსაც. შედეგად, იმპორტის დაბეგვრა ქვეყანაში, ბოლო 100 წლის მაქსიმუმს გაუტოლდა.

უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში დღეს ისევ ილონ მასკია, რომლის ქონებაც 9 აპრილს $36 მლრდ–ით გაიზარდა – ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი ერთ დღეში 23%–ით გაიზარდა. შედეგად, მისი ქონება $326 მილიარდად არის შეფასებული. მარკ ცუკერბერგმა ერთ დღეში თითქმის $26 მილიარდით გაზარდა თავისი ქონება – $207 მილიარდამდე.