თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილმა თანამდებობა დატოვა, აღნიშნული პოსტი კი მარიამ ქვრივიშვილმა დაიკავა, რომელიც აქამდე დავითაშვილის მოადგილე იყო.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მარიამ ქვრივიშვილს წარმატებები უსურვა.
"ჩვენ ყველა გახარებული ვართ ეკონომიკის სამინისტროში, რომ ახალი ეტაპი იწყება ეკონომიკის სამინისტრო ცხოვრებაში'', - თქვა ლევან დავითაშვილმა.
ქვრივიშვილმა პირველი მადლობა ირაკლი კობახიძეს გადაუხადა, "გამოცხადებული ნდობისთვის" და დასძინა, რომ მისთვის დიდი პატივია ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ემსახუროს საქართველოს, მის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ზრდას.
"მთელი ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ეკონომიკის სამინისტროში მუშაობისას დავაგროვე დამეხმარება იმაში, რომ წარმატებით დავასრულოთ ყველა მიმდინარე პროექტი, დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა. იყო ვიცე-პრემიერი 2021 წლის 12 ივლისიდან. მანამდე, 2016-2022 წლებში იყო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი.
მარიამ ქვრივიშვილი 2021 წლიდან ამ დრომდე იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ის ასევე არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრი.