თბილისი (GBC) - 83 მომხრე, 0 წინააღმდეგი და 0 თავშეკავებული – პარლამენტმა გიორგი გვარაკიძე გენერალურ პროკურორად დღეს დაამტკიცა. გვარაკიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, ხოლო პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა განხილვის გარეშე ჩატარდა.
გვარაკიძის კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა.
18 ივნისს საპროკურორო საბჭომ განაცხადა, რომ საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხმათა უმრავლესობით გიორგი გვარაკიძე აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო.
24 ივნისს, ახლად არჩეულმა გენერალურმა პროკურორმა, ჟურნალისტებთან განცხადებაც გააკეთა და გიორგი გახარიას საკითხთან ერთად, 2 დღეში დაკავებული 4 პოლიტიკოსის საკითხიც მიმოიხილა.
მან თქვა, რომ "გიორგი გახარიას ჩორჩანას ეპიზოდთან კავშირი, რა თქმა უნდა, აქვს და იგი გამოკითხული იქნება. მისივე თქმით, ამ საქმეზე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა რომ გიორგი გახარია პასუხისგებაში მიეცეს, ახალი გენპროკურორი პასუხობს, რომ საჭიროა დაველოდოთ მოვლენებს. "ჯერ ვერაფერს ვიტყვით მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჯერ არ დამდგარა ის დღე, როდესაც უნდა გამოცხადდეს ბატონი გიორგი გახარია".
გვარაკიძემ ჟურნალისტებთან ისიც განაცხადა, რომ "ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი კანონის შესრულებაზე, რაც მიმაჩნია, რომ არასამართლიანია - კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია მისი პოლიტიკური თუ სხვაგვარი შეხედულების მიუხედავად".
მისივე თქმით, „პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და გადაწყვეტილებებს კანონთან შესაბამისობაში იღებს“.
ვინ არის გიორგი გვარაკიძე?
გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.
- 2003-2004 წწ. - იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორი პროკურორ-კრიმინალისტის თანამდებობაზე;
- 2004 წ. - იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ-კრიმინალისტი;
- 2004-2005 წწ. - იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;
- 2005-2009 წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;
- 2009-2011 წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
- 2011 -2016 წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
- 2016-2019 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
- 2019 წ. - ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე;
- 2019-2022 წწ. - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2022-2024 წწ. - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2024-2025 წწ. - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2025 წ. - თბილისის პროკურორი;
- 2025 წლის 4 ივნისს დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ.
4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაბიტაშვილმა გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა. ის „ოცნების“ პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე აირჩია. გიორგი გაბიტაშვილი ერთ-ერთია, რომელიც 10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალურ სიაში შეიყვანა.