თბილისი (GBC) - ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი X-ზე წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა შეწყვიტოს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს". ამ განცხადებით სტივენ დაუთი გამოეხმაურა პოლიტიკოსების, ზურა ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას.
„საქართველოში გავლენიანი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პარლამენტის ბოიკოტირებისთვის პატიმრობის მისჯა არჩევნებში კონკურენტების დაბლოკვის მიზნით გადადგმული ნაბიჯია“, - წერს სტივენ დაუთი.
23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ, „ლელოს“ ლიდერებს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა და საჯარო სამსახურში თანამდებობის 2 წლით დაკავება აუკრძალა. მათ ხელბორკილები პარტიის ოფისთან დაადეს.
ასევე 23 ივნისს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა კოალიცია "ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განაჩენიც – მას მიესაჯა 7-თვიანი პატიმრობა და საჯარო სამსახურში თანამდებობის 2 წლით დაკავება აეკრძალა.
სამივე პოლიტიკოსს „ოცნება” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა. მათ წინააღმდეგ პროკურატურას თეა წულუკიანის კომისიამ მიმართა.
დღეს, 24 ივნისს გამოცხადდება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე განაჩენი, რომელიც სასამართლო სხდომაზე მისვლას არ აპირებს, ის განაჩენის გამოცხადებას პარტიის ოფისში დაელოდება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში უკვე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორისაა საქართველოს მე-5 პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილი.
გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.