თბილისი (GBC) – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 10 მილიონ ლარიან ტენდერში შპს „ენკერი“ ერთადერთი კანდიდატია.

ტენდერში წინადადებების მიღება 29 მაისს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. გამარჯვების შემთხვევაში „ენკერი“ სამუშაოებს 9.5 მლნ ლარად შეასრულებს.

ტენდერი გულისხმობს, ქალაქ ქუთაისში, შერვაშიძის ქ. N53-ში, ორი 16-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დასრულების სამუშაოებს.

 

მიწოდების ვადა განსაზღვრულია 14 კალენდარული თვით, ხოლო საგარანტიო ვადად 365 დღე.

საგარანტიო ვადის პერიოდში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%.

პრეტენდენტს, 2015 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოწყობილი, არანაკლებ III კლასის, სამოქალაქო, ან სამრეწველო, ან სამეურნეო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის, ან სარემონტო სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულება არაუმეტეს 3 (სამი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5,000,000.00 ლარს და აღნიშნული სამუშაოები სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.

ენკერი დაფუძნებულია 2006 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 14 მლნ ლარს აღემატება.

მისი მფლობელები კი არიან ბეჟან ბოჭორიშვილი 60%; დავით ბოჭორიშვილი 40%.