თბილისი (GBC) – ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მუშაობა ძირითად საკითხებთან დაკავშირებით თითქმის დასრულებულია.

ირანულ სახელმწიფო ტელეარხ PressTV-თან საუბრისას ბაღაიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მთავარ პრობლემას ვაშინგტონის „არათანმიმდევრული პოზიცია“ წარმოადგენდა.

„პრობლემა ის არის, რომ შეერთებული შტატების ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები მუდმივად იწვევდა ტურბულენტობას და აფერხებდა ამ პროცესს“, - განაცხადა მან.

ბაღაის თქმით, ირანი მოლაპარაკებებში „კეთილი ნებითა და სრული პასუხისმგებლობით“ ჩაერთო, თუმცა ამერიკული მხარე, მისი შეფასებით, არაერთხელ ცვლიდა პოზიციას, აყენებდა „არარეალისტურ“ მოთხოვნებს და პარალელურად ახორციელებდა სამხედრო თავდასხმებს.

11 ივნისს საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები ომის დასრულებაზე შეთანხმდნენ.

„ხელმოწერა მალე შედგება. დოკუმენტები მომზადების საბოლოო ეტაპზეა“, — განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაიხსნება ჰორმუზის სრუტე, რაც შესაძლოა უახლოეს შაბათ-კვირას მოხდეს.

ამასთან, ბრიტანული გამოცემა The Guardian წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მემორანდუმი არ შეიცავს კონკრეტულ შეთანხმებებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. დოკუმენტში მხოლოდ ის მექანიზმებია აღწერილი, რომლებიც შემდგომი მოლაპარაკებებისთვის იქნება საჭირო, მათ შორის ბირთვული პროგრამისა და ირანის გაყინული აქტივების საკითხებზე.

ირანსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება ათწლეულებია გრძელდება, თუმცა ბოლო პერიოდში მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გააქტიურდა. ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება თეირანის ბირთვული პროგრამა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები და უცხოურ ბანკებში გაყინული ირანული აქტივების ბედი.

თუ შეთანხმება მართლაც გაფორმდება, ეს შესაძლოა რეგიონში დაძაბულობის შემცირებისკენ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ბოლო წლების განმავლობაში. ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საბოლოო შედეგის შეფასება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეთანხმების სრული ტექსტი გასაჯაროვდება და ცნობილი გახდება, შეიცავს თუ არა ის კონკრეტულ ვალდებულებებს ბირთვული პროგრამისა და სანქციების საკითხებზე.