თბილისი (GBC) – მოსკოვის მერიამ მხოლოდ ზრდასრულებისთვის განკუთვნილი საღამოების ორგანიზატორები მათი ბიზნესის აკრძალვისა და ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ კლუბ Kinky Party–ზე დაყრდნობით იუწყება. ამ კლუბში ადამიანები ეროტიკულ საღამოებს მართავდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის კანონმდებლობასთან იყო შესაბამისობაში და თავისუფალი გამოხატვისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნიდა, მივიღეთ გაფრთხილება, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც სექს–თემატიკას ეხება, დაუშვებელია“, – ნათქვამია Kinky Party–ის ტელეგრამ არხზე.

ტელეკომპანია „დოჟდი“ აღნიშნავს, რომ მორიგი დახურული საღამო მოსკოვში 17 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზატორებმა ღონისძიება უკვე გააუქმეს.

„ღონისძიებებს ახლა საქართველოში ვატარებთ და იმედი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნებშიც შევხვდებით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

განცხადებაში მკაფიოდ არ ჩანს, უკვე ატარებენ საქართველოში ეროტიკულ საღამოებს, თუ ეს მხოლოდ გეგმაა.