თბილისი (GBC) – უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ რუსები გაცილებით მეტ უცხოურ ვალუტას ყიდულობენ, ვიდრე ამ მოვლენამდე ფიქსირდებოდა. აგვისტოში, ივლისთან შედარებით, წმინდა შესყიდვები (შესყიდვას გამოკლებული გაყიდვა) 2,5–ჯერ გაიზარდა და 98,1 მლრდ რუბლი ($1,1 მლრდ) შეადგინა.
ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის საფინანსო ბაზრების რისკების მიმოხილვაშია ნათქვამი.
რეგულატორის მონაცემებით, აგვისტოში რუბლი იუანთან 1,8%–ით, ხოლო აშშ დოლართან 5,6%–ით გაუფასურდა.
საანალიზო თვის უმეტეს პერიოდში ნაღდი ვალუტის ბაზარზე ვითარება სტაბილური იყო, მაგრამ პერიოდის ბოლოსთვის დოლარის ყიდვა/გაყიდვას შორის სხვაობა 4,11 რუბლს შეადგენდა. ევროს შემთხვევაში კი – 4,17 რუბლი.
რუსეთის ბანკის მონაცემებით, ამასთან, აგვისტოში რუსმა ექსპორტიორებმა ვალუტის წმინდა გაყიდვა 1%–ით შეამცირეს $11,9 მლრდ–მდე. გარდა ამისა, კომპანიები მანამდე დაგროვილ დამატებით ვალუტას ყიდდნენ, დივიდენდების გასაცემად.
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შეიჭრნენ და რამდენიმე კვირაში 1 300 კვადრატული კილომეტრის ფართობი დაიკავეს. მათი კონტროლი დამყარდა დაახლოებით 100 დასახლებულ პუნქტზე.