თბილისი (GBC) – 39 წლის ნატალია ნეტრუსოვა მოსკოვის ერთ–ერთი პრესტიჟული სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. დღეს მას ყოველკვირეული წრე მიჰყავს თავისი პროფესიით რუსი მიგრანტებისთვის, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავისი სამშობლო დატოვეს და საქართველოს შეაფარეს თავი.
ნატალია მათემატიკის წრეს ვერაზე მდებარე კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრ „აუდიტორიაში“ ატარებს, რომელიც ასევე რუსეთის იმ მოქალაქეებმა გახსნეს, რომლებმაც ომი გააპროტესტეს და აღარ ისურვეს სამშობლოში დარჩენა.
საქართველოს შსს–ს მონაცემებით, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში 115 ათასამდე რუსი დარჩა იმ 780 000–დან, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს. აქვე იპოვეს თავშესაფარი 40 ათასამდე უკრაინელმა და ბელარუსმა, რომლებიც იძულებული გახდნენ წელს და შარშან მიეტოვებინათ სამშობლო. ასეთი სლავური თემის ჩამოყალიბებასთან ერთად საქართველოში კაპიტალის შემოდინებაც დაიწყო. ადგილობრივი ეკონომისტების თქმით, ეს მიმდინარე წლის 9 თვეში ეკონომიკის 10,2%–იანი ზრდის ერთ–ერთი საფუძველი გახდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, უკრაინაში კრემლის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ საქართველოში 9 500 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მთლიან მონაცემს ცხრაჯერ აღემატება. ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ 17 000 რუსული კომპანიაა რეგისტრირებული. 2022 წლის მარტიდან დარეგისტრირებული ბიზნესების 97%–ის სამართლებრივი ფორმა ინდმეწარმეა.
„მარტში ჩემს ქმართან, ვიკტორთან და ორ ვაჟიშვილთან – 11 წლის ილიასთან და 6 წლის დანისთან ერთად გადმოვედით საცხოვრებლად საქართველოში, – უყვება სააგენტო EFE–ს ნატალია ნეტრუსოვა. – ჩვენ ვერ დავთანხმდებოდით ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და მოსკოვის დატოვება გადავწყვიტეთ. ქმარი პროგრამისტია და აქედან დისტანციურად მუშაობს. ბავშვები თბილისში რუსულენოვან სკოლაში „პროექტორი“ მივიყვანე, მეც იქვე დავიწყე მუშაობა პედაგოგად. მოგვიანებით მეორე სამსახური ვიშოვე – „აუდიტორიაში“. ბინას ვქირაობთ და არ ვგეგმავთ რუსეთში დაბრუნებას. ჩვენ აქ კომფორტულად ვართ“.
მათემატიკის წრე სამი ბავშვით გახსნა, ახლა მათი რაოდენობა გაორმაგებულია და თვეში 4 მეცადინეობის ფასი 120 ლარს შეადგენს.
წრეები, ლექციები და რუსეთიდან გამოწერილი წიგნების გაყიდვებია „აუდიტორიის“ ძირითადი შემოსავლის წყაროები.მისი ერთ–ერთი დამფუძნებელი, 36 წლის მოსკოველი ალეკსეი სავუხინი ამბობს, რომ ანალოგიურ ბიზნესს რუსეთის დედაქალაქში წარმატებით უძღვებოდა, თუმცა ომის დაწყებისთანავე გადაწყვიტა საქართველოში გადმოსვლა. ფართს თვეში $1500–ად ქირაობს. „არ ველოდი, რომ ჩემი ბიზნესი ასე მალე გახდებოდა მოთხოვნადი, – ეუბნება ალეკსეი EFE-ს ჟურნალისტს. – რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან გამოქცეულები ყიდულობენ წიგნებს, ჩვენთან იკრიბებიან საღამოობით, ესწრებიან ლექციებს. აქ რუსებს უკრაინელებთან პრობლემები არ აქვთ. პირიქით, ჩვენ შემოწირულებებსაც ვაგროვებთ უკრაინისთვის“.
„რუსულ“ „აუდიტორიაში“ წიგნების თაროების გვერდით, თვალსაჩინო ადგილზე უკრაინის დროშაა გამოფენილი და იქვეა წარწერა, უკრაინელებისთვის შემოწირულებების შეგროვების შესახებ. ალეკსეი სივუხინი ამბობს, რომ ისიც ოჯახთან ერთად გადმოსახლდა თბილისში – ცოლთან და სამ შვილთან ერთად. „ჩვენ არ ვართ მზად დასაბრუნებლად, იმიტომ, რომ რუსეთში პერსპექტივას ვერ ვხედავთ, – უყვება EFE–ს ჟურნალისტს წიგნების გამყიდველი. – პირიქით, აქ ვაპირებ საკუთარი ბიზნესის გაფართოებას, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ქართველ გამომცემლებთან. ვფიქრობ, ჩვენ, მიგრანტებს, გარკვეული წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკაში“.
ეს ცენტრი რუსების ამჟამინდელი მიგრაციის ერთგვარი სიმბოლო გახდა – ელიტისა და ტვინების გაქცევა რუსეთიდან. სივუხინი ამბობს: „სწორედ ასეთად წარმომედგინა რუსული ინტელიგენცია 1917 წელს, როდესაც ისინი ქვეყნიდან ბოლშევიკურ რევოლუციას გაექცნენ“.
მაშინდელი რევოლუციის აკვნიდან, სანქტ–პეტერბურგიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა 25 წლის იანა სულთანოვა. განათლებით ფილოლოგი ამბობს, რომ „მშობლიურ ქალაქში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობაზე ოცნებობდა“. დღეს იანა რუსული წიგნების მაღაზია „იტაკაში“ მუშაობს, რომელიც თბილისის ცენტრში ასევე რუსებმა გახსნეს. მაღაზია ქალაქის ძველ უბანში მდებარეობს. ციცაბო კიბეს მეორე სართულზე ავყავართ. შესასვლელთან უკრაინისა და ცისფერ ზოლიანი თეთრი დროშაა გამოფენილი, რომელსაც საზღვარგარეთ რუსი ოპოზიციონერები იყენებენ.
„არ ვიცი, როდის შევძლებ სახლში დაბრუნებას, – უყვება EFE–ს იანა სულთანოვა. – პეტერბურგში საპროტესტო აქციაში ვმონაწილეობდი, ჩემი ბინა პოლიციამ გაჩხრიკა. აქ, თბილისში, უკრაინელებს ვეხმარები, რომლებიც ომს საქართველოში გამოექცნენ“.
იანა ბინას ქირაობს. ცოტა ხნის წინ მის კარზე რუსეთის მოქალაქეების შეურაცხმყოფელი წარწერა გამოჩნდა. „არ წავშალე. მე მესმის ქართველების ასეთი გრძნობების. რუსეთმა საქართველოს ბევრი ტკივილი მიაყენა, დღეს კი ამ ტკივილს უკრაინას აყენებს“, – ამბობს ახალგაზრდა ქალი.
„იტაკას“ მფლობელი მოსკოველი სტანისლავ გაივორონსკი იჯარაში 400 დოლარს იხდის, თუმცა კმაყოფილია: ბიზნესი კარგად მიდის. ყოველდღიურად სულ ცოტა 30 წიგნი ეყიდება და თითოეულის ღირებულება საშუალოდ 30 ლარს შეადგენს. „აუდიტორიის“ მსგავსად, უკრაინისთვის შემოწირულებებს „იტაკაშიც“ აგროვებენ. ომის დაწყების შემდეგ მეწარმემ უკრაინაში 22 000 ლარი გადარიცხა.
ისიც ოჯახით გადმოსახლდა საქართველოში – მეუღლესთან და 2–დან 12 წლამდე ასაკის 4 შვილთან ერთად. „მიგრანტებს წიგნები სწყურიათ. ამიტომ გადავწყვიტე თბილისში წიგნების მაღაზიის გახსნა“, – ამბობს სტანისლავი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ეწეოდა წიგნების ბიზნესს მოსკოვში.
იგი წიგნებს მოსკოვიდან იწერს. ბევრია საბავშვო ლიტერატურა, ვინაიდან ოჯახები საქართველოში სრული შემადგენლობით გადმოდიან და ასეთ ლიტერატურაზე მოთხოვნა მაღალია.
„მიხარია, რომ ცოტათი ვეხმარები საქართველოს ეკონომიკას, – ამბობს გაივორონსკი. – ჩვენ, ვინც საჭირო არ აღმოვჩნდით რუსეთისთვის, ომის დამფინანსებელ იქაურ ბიუჯეტში ფულს არ ვიხდით“.