თბილისი (GBC) – საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწა, რომელიც ვირტუალური ზონის პირის (ვზპ) სტატუსის მქონე კომპანიების საქმიანობას არეგულირებს, დღემდე ღიად რჩება. საკანონმდებლო ცვლილებები უკვე თვეებია დაინიციირებული აქვს ვზპ ასოციაციას, რომელიც როგორც პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, ისე ფინანსთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს. ასოციაციაში იმასაც ამბობენ, რომ მათ მიერ ინიციირებული ცვლილებები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მოიწონეს და კანონმდებლობის დაზუსტების აუცილებლობაც აღიარეს. 

მიუხედავად ამისა, ვზპ სტატუსის მქონე კომპანიები დღემდე იბრძვიან ბუნდოვანი კანონმდებლობის გამო დაკისრებული ჯარიმების მოხსნისთვის. კომპანიები, რომლებიც ამ სტატუსისთვის ჯერ კიდევ 2010 წელს დაწესებული საგადასახადო შეღავათების ხიბლით შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე, ბოლო წლებში საჯარიმო სანქციების წინაშე აღმოჩნდნენ და ამის მიზეზად კანონმდებლობის ბუნდოვანებას, დაუხვეწაობას ასახელებენ, რაც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს ინტერპრეტირების შესაძლებლობას აძლევს დღემდე. ასეთი ხარვეზიანი კანონმდებლობის ფონზე ბიზნესს ძალიან უჭირს სტაბილურად ფუნქციონირება.

კანონმდებლობის დახვეწის პირობის პარალელურად, დაინტერესებულ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ფინანსთა სამინისტრო განიხილავდეს ვირტუალური ზონის პირის და საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე რეჟიმების ერთი სტატუსის ქვეშ გაერთიანებას.

იქიდან გამომდინარე, რომ ორივე სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებში ბევრი გადაფარვაა, პირველადი შეფასებით ეს ინიციატივა შესაძლოა საკმაოდ საფუძვლიანად გამოიყურებოდეს. უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის #619 დადგენილების დანართში #2, პირველ მუხლში, ა–ო პუნქტების ჩათვლით საქმიანობის სახეების ჩამონათვალში მოცემულია ციფრული და კომპიუტერული მიმართულებები, რაც ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების საქმიანობის სფეროების იდენტურია. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია უფრო ღრმა ანალიზის გაკეთება და რაც მთავარია სახელმწიფო, კერძო სექტორის და დარგის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა, რათა არ მოხდეს მზარდი მიმართულების დაზიანება და განვლილი შეცდომების გამეორება.

საგადასახადო და სხვა შეღავათები

რაც შეეხება საგადასახადო შეღავათების საკითხს, იგი განსხვავებულია ამ ორი სტატუსის მატარებელი კომპანიებისთვის. საერთაშორისო კომპანიების შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა. ზემოხსენებული დადგენილების დანართში #3 ნათქვამია, რომ შეღავათები შემდეგ ხარჯებზე ვრცელდება: 

1 საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი;

2. საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები.

ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე პირებისთვის კი „საქართველოს კანონში საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ ვკითხულობთ:

1. ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

2. არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების:

ა) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;

ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით;

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახდელით.

3.ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებულ შემოსავლებზე ხარჯები გამოიქვითება ერთობლივ შემოსავალში საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.

ამ კანონის თანახმად, ვირტუალური ზონის პირები რეგულატორული შეღავათებითაც სარგებლობენ:

1. ვირტუალური ზონის პირი გათავისუფლებულია ყოველგვარი სპეციალური რეგულირებისაგან.

2. ვირტუალური ზონის პირს საქმიანობის განსახორციელებლად არ ესაჭიროება ლიცენზიები, ნებართვები და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები.

რა მოხდება სტატუსების გაერთიანებით?

ამ ორ სტატუსს შორის გადაფარვისა და მსგავსების გარდა განსხვავებებიც დიდია. მაგალითად, საერთაშორისო სტატუსი ითხოვს მინიმუმ ორ წლიან გამოცდილებას, რომ მოგენიჭოს საგადასახადო შეღავათი, რაც სტარტაპებს ართმევს შესაძლებლობას შეღავათის სარგებლობით დაიწყონ ოპერირება. ხოლო ვზპ ამ ორწლიან გამოცდილებას არ ითხოვს, რამაც სწორედ დამწყებ პროგრამისტებს, მათ შორის ამ დარგში მოღვაწე და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს მისცა სტიმული, დაიწყონ მუშაობა საქართველოში, გამოიყენონ ეს სტატუსი და აირჩიონ სწორედ საქართველო თავისი ბიზნეს საქმიანობისთვის.

საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაში მთავარ გამოწვევად კვლავ საგადასახადო კანონმდებლობის დაკონკრეტებას ასახელებენ, რის გარეშეც მხოლოდ ახალი კანონის მიღებით ან გაერთიანებით ვზპ სტატუსის მქონე კომპანიების პრობლემები არ გადაიჭრება და კვლავაც მაღალი იქნება დაჯარიმების რისკები.

ფინანსთა სამინისტროში ვზპ ასოციაციის ხელმძღვანელს შორენა კოპალეიშვილს დაჰპირდნენ, რომ უწყება აუცილებლად იქნება კომუნიკაციაში მათთან და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება მოხდება ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით.

ვირტუალური ზონის პირების და საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების სტატისტიკა

სსიპ საფინანსო–ანალიტიკური სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოს კანონის „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ და 2011 წლის 26 იანვრის „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის No49 დადგენილების დანაწესით, 2011 წლის 1 იანვრიდან - 2023 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით:

ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მიენიჭა - 1204 (ერთი ათას ორასოთხი) იურიდიულ პირს;

● ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების პროცესი შეუჩერდა - 317 (სამას ჩვიდმეტი) იურიდიულ პირს;

● ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა - 4 (ოთხი) იურიდიულ პირს;

● ვირტუალური ზონის პირის სტატუსი გაუუქმდა - 59 (ორმოცდაცხრამეტი) იურიდიულ პირს;

● ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 7 (შვიდი) იურიდიულ პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქმის განხილვა.

რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით 2020 წლის 1 ოქტომბრიდან - 2023 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით:

საერთაშორისო კომპანიის აქტიური სტატუსი მიენიჭა სულ 105 გადასახადის გადამხდელს;

● საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებაზე უარყოფითი პასუხი გაეცა 46 გადასახადის გადამხდელის მომართვას;

● საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გაუუქმდა 6 გადასახადის გადამხდელს;

● საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს 11 სტატუსის მაძიებელი გადასახადის გადამხდელის საქმის განხილვა.

წარმოდგენილი მონაცემების შედარებით შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ვირტუალური ზონის სტატუსის მიმართ ინტერესი ბევრად დიდი და მზარდია. საინტერესო იქნება ორივე სტატუსის მქონე კომპანიების მიერ საქართველოს ბიუჯეტში შეტანილი გადასახადების შედარება. ამ ინფორმაციით აუცილებლად დავინტერესდებით, გამოვითხოვთ და გავუზიარებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მიღებული შედეგებიდან სწორი დასკვნების გამოტანას.