თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს მე-2 კვარტალში ფქვილის იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,5%–ით – $14 960 110 მლნ-მდე შემცირდა (2023 – $20 084 350 მლნ), ხორბლის კი $12 668 840 მლნ-მდე გაზარდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განმარტებით, ფქვილის იმპორტის შემცირება და ხორბლის იმპორტის გაზრდა განაპირობა იმან, რომ მუშაობს ფქვილის და ქატოს იმპორტზე დაწესებული გადასახადი. შესაბამისად, მოხდა კონკურენციის და პირობების გათანაბრება, რომელიც დაირღვა 2021 წელს, როცა რუსეთმა მცურავი ბაჟი შემოიღო.
"ახლა სტატისტიკა უბრუნდება იმ სიტუაციას, რაც იყო 2021 წლამდე, ეს კი განაპირობა სწორი კონკურენციის პირობების დაბრუნებამ. 2023 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დამაბალანსებელი გადასახადის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელმაც წარმატებით იმუშავა", - განმარტა ლევან სილაგავამ.
"დამაბალანსებელი გადასახადი შესაბამისად 6 თვეში ერთხელ გრძელდება და ახლაც, პირველი სექტემბრიდან გაგრძელებულია მარტის პირველ რიცხვამდე", - აღნიშნა სილაგავამ.
მისივე თქმით, ფერმერებს მიეცათ საკუთარი ბიზნესის გრძელვადიანად დაგეგმარების შესაძლებლობა, ხორბლის მოსავლის: მიღების, ჩაბარების, შენახვის და ასე შემდეგ... ამასთან, ფერმერებს მიეცათ შესაძლებლობა სტაბილურ მდგომარეობაში მუშაობის.
"მათ დაინახეს, რომ პრაქტიკულად აღარ იგეგმება ფქვილის აგრესიული იმპორტის განხორციელება, აქედან გამომდინარე დღეს სიტუაციას ისეთია, რომ ისინი სტაბილურად უყურებენ მოსავალს. ამასთან, ნაწილმა ჩააბარა ხორბალი უკვე, როდესაც აღება იყო და შესაბამისად სჭირდებოდა ფულადი რესურსი იმისათვის, რომ გაესტუმრებინათ, ხვნა-თესვის ფული, საბანკო კრედიტების აღების თანხები. ნაწილმა შეინახა იმიტომ, რომ გრძელვადიანად ყოველ წელს ფასი იწევს. ყოველთვის ასე არაა, მაგრამ ხდება ხოლმე", - განმარტა ლევან სილაგავამ GBC-სთან საუბრის დროს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაახლოებით 80 წისქვილ - კომბინატი მუშაობს, რომელთა დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის მონაცემების მიხედვით მერყეობს 4 000-დან, 5 000-მდე.
"ყველას ეძლევა მუშაობის შესაძლებლობა იმის მიხედვით, თუ როგორ არიან კონკურენციაში ერთმანეთთან. ანუ, ფერმერი იმ რაოდენობის ხორბალს ფქვავს და ფქვილს უშვებს, რამდენის მოთხოვნაც არის ბაზარზე. რაც შეეხება ხორბლის მარაგს, ახლა ისევე, როგორც ყოველთვის გვაქვს დაახლოებით ორ თვიანი, გარდამავალი მარაგი, რომელიც წისქვილებშია და ის მარაგიც, რაც ფერმერთა ნაწილმა წლის ბოლომდე შეინახა", - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
ამასთან, ხორბლის იმპორტის დინამიკას რაც შეეხება, 2024 წლის მე-2 კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა ქვეყანაში სულ $7 727 970–ის ღირებულების ხორბალი შემოვიდა, დაახლოებით 64%-ით გაიზარდა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ 2022 წლის მე-2 კვარტალში ანუ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო (2022 წლის 24 თებერვალს), საქართველომ განახორციელა $27 464 720 მლნ-ის ღირებულების ფქვილის და $6 260 290 მლნ–ის ხორბლის იმპორტი.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, რუსეთი საქართველოსთვის კვლავ რჩევა ხორბლის მთავარ მიმწოდებლად.
ამასთან, 2024 წლის მე-2 კვარტალში ქვეყანაში სულ 23,305.73 ტონა ფქვილი შემოვიდა. 2023 წელს - 47,949.84 ტონა, 2022 წელს კი - 49,659.36 ტონა ფქვილი.
ხორბლის იმპორტს რაც შეეხება, 2024 წლის მე-2 კვარტალში ქვეყანაში შემოვიდა სულ 53,171,64 ტონა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 26.599,16 ტონა, 2022 წელს კი 16.627,46 ტონა ხორბალი.
საგულისხმოა, რომ საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წლის 12 ივნისიდან მოქმედებს და დღეისათვის ტონაზე 250 ლარამდეა. მოგვიანებით, საიმპორტო გადასახადი ფქვილის შემდგომ ქერსა და ქატოზეც დაწესდა და 100 ლარით განისაზღვრა.