თბილისი (GBC) – თბილისი-სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-17 – 28- კმ მონაკვეთის (თბილისი-ნატახტრის გზა) მშენებლობის ტექნიკური დოკუმენტაციის და საპროექტო მომსახურების 12 მილიონიან ტენდერს კანდიდატი ჰყავს.
ტენდერში წინადადებებიის მიღება 18 აგვისტოს დასრულდა და სტატუსით შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. კომპანია „სმექ ინთერნეიშენალ ფითიუაი ლიმითედის ფილიალი საქართველოში“ ერთადერთი კანდიდატია და გამარჯვების შემთხვევაში სამუშაოს 39%-ით დაბალ ფასში, 7.3 მლნ ლარად შეასრულებს.
ამ დავალების ძირითადი მიზანია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17-კმ28 მონაკვეთის (თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობისთვის, ტექნიკური, გარემოს დაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ანალიზის სრულფასოვანი შეფასების საფუძველზე.
დეტალური ტექნიკური დავალება იხილეთ ბმულზე.
„სმექ ინთერნეიშენალ ფითიუაი ლიმითედ“ - ავსტრალიური კომპანიაა და საქართველოში 2017 წელსაა დაფუძნებული. საქართველოს ფილიალის დირექტორი ავსტრალიის მოქალაქე კავა ბაჰაა.
ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიას 1 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული, რომლის საერთო ღირებულება 7 მლნ ლარია.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, სტეფანწმინდა - გველეთის საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობისათვის 245.9 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყო და 18 აგვისტოს 14:00 საათზე დასრულდა.
ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობს და ხუთივე კომპანია ჩინურია.